კალაძის თქმით, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" აქციაა: "ხალხი ყველაფერს ხედავს, ხვდება"

კახა კალაძე, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დღეს, 20 ივნისს, თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იმართება. სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებულ აქციაზე, რომელსაც პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს [დღევანდელი] აქცია არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან.

თუ "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლიდან მოახერხა - ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი; მოახერხა ის, რომ ჩვენ, თქვენ, ჩვენი მოქალაქეები ქართული პასპორტებით ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე; თუ "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, რატომ ვერ მოახერხებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც არის წარმოდგენელი. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ პირობების შესრულება", - თქვა კალაძემ.

დღეისთვის, 20 ივნისისთვის, "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიამ" ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია დაგეგმა.

ასევე ნახეთ „არ მშურს არც მოლდოვის და არც უკრაინის“ - ირაკლი ღარიბაშვილი

რამდენიმე დღის წინ, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია

17 ივნისს კი ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

ასევე ნახეთ ევროკომისია: საქართველოს პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირობებით

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ასევე ნახეთ სარჯველაძე: პრიმიტიულად ნურავინ იტყვის, რომ რახან ივანიშვილს ფული აქვს, ოლიგარქია
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯი სააკაშვილის დაჭერით უკვე გადაიდგა

ოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.