30 წელი ბინის მოლოდინში - რატომ გვყავს დევნილები, რომლებსაც სახლი დღემდე არ აქვთ

აფხაზეთიდან დევნილი ნატო ძინძიბაძე და დედამისი ლამარა ხიზანეიშვილი, რომლებიც თბილისში, აფრიკის დასახლებაში ქირით ცხოვრობენ.

ახლანდელი ტემპით დევნილთა განსახლების დასრულებას კიდევ ნახევარი საუკუნე დასჭირდება, - ვარაუდობენ მკვლევრები, რომლებიც დევნილთა საკითხებზე მუშაობენ.

"30 წელია, სამინისტროდან სამინისტროში დავდივარ, ვითხოვ ბინას. თითქოს უნდა მომცენ, მაგრამ არ არის დღემდე", - გვეუბნება 80 წლის ლამარა ხიზანეიშვილი, რომელიც 37 526 დევნილი ოჯახის მსგავსად ბინას ისევ ელოდება.

ლამარა ხიზანეიშვილი

1993 წელს 50 წლის იყო, როდესაც ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბაში სახლ-კარის მიტოვება მოუწია. 17 წელი ისე იცხოვრა დევნილობაში, სახელმწიფოს მკაფიო კრიტერიუმები განსახლებაზე არ ჰქონია. ლამარა ხიზანეიშვილმა ბინის მიღებაზე პირველი განცხადება 2010 წელს შეიტანა. მაშინ უთხრეს, რომ საცხოვრებელ ფართს 2012 წლის ოქტომბერში მისცემდნენ, ზღვის უბანში მშენებარე ახალ კორპუსში. როცა 2012 მოვიდა, ახალი ბინის გასაღების მიცემა ერთი წლით გადაუდეს. 2013 წელს კი შეატყობინეს, რომ "ბინით დაკმაყოფილების საკითხმა გრძელვადიან პერსპექტივაში" გადაინაცვლაო.

"სანამ ქირის გადახდის თარიღი მოვა, 10 წლის სიცოცხლე მაკლდება"

"თავიდან რაღაც პერიოდი ნათესავებთან ვცხოვრობდით. ამის შემდეგ ქირიდან-ქირაში ვართ. დალაგებაზე თუ ვინმე დამიძახებს, გავვარდები და ეგაა ჩემი სამსახური. 20-30 ლარი მაქვს დღეში. თვიდან თვემდე, სანამ ქირის გადახდის თარიღი მოვა, 10 წლის სიცოცხლე მაკლდება. ქირის გარდა კომუნალურებიც ხომ გადასახდელია. შიში, შიმშილი, სიცივე, უსახლკარობა და კიდევ აბუჩად აგდება - არავის გამოაცდევინოს ღმერთმა, რაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში გამოვიარეთ", - ჰყვება ლამარა ხიზანეიშვილის შვილი, 53 წლის ნატო ძინძიბაძე.

აფრიკის დასახლებაში, ნაქირავებ სახლში ის დედასა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ბინის ფართობი სულ 40 კვადრატულია. ოჯახის შემოსავალი დედის პენსია, სახლების დალაგებით გამომუშავებული თანხა და დევნილის 45-ლარიანი შემწეობაა. ოჯახს სხვა შემოსავალი არ გააჩნია, მაგრამ აქვს ბანკის პროცენტიანი სესხი.

ნატო ძინძიბაძე დედასთან ერთად

"სოციალურად დაუცველის სტატუსიც მქონდა, მაგრამ აპრილში იყვნენ შემოწმებაზე და ამომაგდეს. ველოდები აღდგენას.

ჩვენი გაჭირვების ფონზე უფროსი ბიჭი პოლონეთში წავიდა სამუშაოდ. მაგრამ შარშან მშენებლობაზე სიმაღლიდან ჩამოვარდა და ძლივს გადარჩა, კომაში იყო. სოციალურად დაუცველის სტატუსიც მქონდა, მაგრამ ამომაგდეს. ჩემი ვარაუდით, რადგან საქართველო-პოლონეთის საზღვრის კვეთა დამიფიქსირდა, იმიტომ. არადა, იქ ჩემი შვილის მოსანახულებლად ჩავედი", - ამბობს ნატო.

როდიდან და როგორ დაიწყო დევნილთა განსახლების პოლიტიკა?

აფხაზეთის ომის შემდეგ, 1993 წლიდან, იძულებით გადაადგილებული პირები ქაოსურად სახლდებიან საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ქარხნებში, სასტუმროებში, სანატორიუმებში, საავადმყოფოებსა და სახელმწიფოს კუთვნილ სხვა საჯარო შენობებში. იმ დროს ქვეყანას მათი ბინებით დაკმაყოფილების არც ფინანსური შესაძლებლობა აქვს და არც პოლიტიკური ნება - ხელისუფლება ამბობს, მოითმინეთ, აფხაზეთში მალე დავბრუნდებით, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლადო.

2004 წელს, სახელმწიფომ ე.წ. დიდი პრივატიზაციის გეგმა შეიმუშავა და შეადგინა იმ ქონების ნუსხა, რომლის მიყიდვასაც უცხოელებისთვის აპირებდა.

ასევე ნახეთ ბენდუქიძე ტოტალურ პრივატიზებას იწყებს

"დიდი პრივატიზაციის" რეფორმის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრომ 372 საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხა დაამტკიცა. ამ ნუსხაში ის შენობებიც მოხვდა, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ. მათ შორის იყო სასტუმრო "ივერია", ახლანდელი "რედისონ ბლუ ივერია". სახელმწიფო ამ პროცესში მხოლოდ ქონებას ყიდდა, დევნილებსა და კერძო ინვესტორს შორის მოლაპარაკებებსა და დავებში არ ერეოდა. დევნილებს თანხას ინვესტორი უხდიდა.

"დევნილთა მასობრივი გამოსახლებები სახელმწიფოს კუთვნილი შენობიდან 2010 წლამდე გრძელდებოდა. ამ პროცესს ბევრი დევნილი ეწინააღმდეგებოდა, რადგან თბილისში, 2004 წელს მათ ინვესტორი ოთახში 7 000 დოლარს სთავაზობდა, რაც იმ დროს კერძო საკუთრების ფასის ზრდის გამო, ბინის შესაძენად საკმარისი თანხა არ იყო. ფული გაუფასურდა და ეს არავინ გაითვალისწინა. ასევე, ისინი უკვე იმ გარემოს იყვნენ მიჩვეულნი, სადაც შესახლდნენ. სკოლაში დაჰყავდათ ბავშვები, მუშაობდნენ და მათთვის საცხოვრებლის შეცვლა და სხვა ქალაქში გადასვლა კიდევ ერთი ტრავმა იყო", - ამბობს მკვლევარი ქეთი სართანია.

ქეთი სართანია

დევნილთა ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა მალე გაირკვა, რომ მათმა ნაწილმა სახლების ყიდვა ვერ მოახერხა და ისევ სახელმწიფო შენობებში, ნათესავებთან ან ქირით გადავიდნენ.

მათ, ვინც სასტუმროებიდან გამოსვლას არ დათანხმდა, თბილისის მერიამ შენობაში წყალი და ელექტროენერგია გაუთიშა. იძულებით გამოსახლებაში სახელმწიფომ პოლიცია და სპეცრაზმიც კი ჩართო.

ქეთი სართანია იხსენებს, რომ დევნილებს დილის 6-7 საათზე ნივთებს გარეთ უყრიდნენ და იყო გაუთავებელი ჩხუბი და შეხლა-შემოხლა. გაუსაძლისი პირობების შექმნით, საბოლოო ჯამში, შენობის დატოვებაზე ყველა დაითანხმეს.

გამოსახლების არაჰუმანურ მეთოდებზე წერდნენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები Amnesty International, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR). Amnesty International-ი შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ დევნილი ოჯახების გამოსახლების პროცესმა საერთაშორისო სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა.

”სამშობლოდან” გამოსახლებულები

დევნილთა განსახლების პოლიტიკა ოფიციალურად 2007 წელს იწყება, როცა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია დაიწერა. მთავრობა კი იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამას 2009 წლიდან იწყებს.

დევნილთა განსახლების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ. მაგალითად, 2008 წლის ომის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს დევნილების დასახმარებლად 4,5 მილიარდი დოლარი გამოყო. 2019 წელს კი გერმანიის მთავრობამ საქართველოს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, გრანტის სახით, 10 000 მილიონი ევრო გადასცა.

კრიტერიუმების შემუშავების შემდეგ წლების განმავლობაში დევნილთა განსახლების პროცესი დაიხვეწა. ფართებს მთავრობა სოციალური ქულის მიხედვით გასცემს. თუმცა, მკვლევრების შეფასებით, პროცესი ბოლომდე გამჭვირვალე არაა და გაუგებარია, დაცულია თუ არა სამართლიანობის პრინციპი. მაგალითად, საცხოვრებელ ფართებს, პირველ რიგში, იმ ოჯახებს აძლევენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და, ამასთან, მათი დიდი რაოდენობა ჯერ კიდევ უბინაოა.

"განსახლების პროგრამაში რომ აღმოჩნდე, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში უნდა იყო. ასევე, ამ ხალხს ზურგს არ უმაგრებს დასაქმება. ამასთან, არის უსამართლობის განცდა დევნილებში, რომ ზოგმა 5 ბინა მიიღო, მე - არცერთი, რაც სტერეოტიპებსაც აღვივებს", - ამბობს ქეთი სართანია.

თითქმის 300 000 დევნილიდან სახელმწიფომ ამ დრომდე ბინით ან მისი საყიდელი ფულით ნახევარიც კი ვერ დააკმაყოფილა. ბინით ან ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებული ახლა სულ 45 000-მდე დევნილი ოჯახია, 129 103 ადამიანი.

თითქმის 30 წლის გასვლის მიუხედავად, დევნილები უღირსი საცხოვრებელი პირობებისკენ საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად ისევ პროტესტის უკიდურეს ფორმებს იყენებენ. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნითა და ბინების უსამართლო განაწილებით სასოწარკვეთილმა დევნილებმა შარშან ნოემბერში ზუგდიდში ჯერ შიმშილობა დაიწყეს, შემდეგ კი პირი ამოიკერეს.

წელს იანვარში, აფხაზეთიდან დევნილი ზურაბ ქირია, თვითმხილველების მტკიცებით, თბილისის ზღვაზე დევნილთა საცხოვრებლის სახურავიდან ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად გადმოხტა და გარდაიცვალა.

როგორია მთავრობის გეგმა?

გასული წლის აგვისტოში მთავრობის 4-წლიან გეგმაზე საუბრისას ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუმალავთ, რომ ბევრი დევნილი დღემდე მიუღებელ პირობებში ცხოვრობს. მთავრობა გეგმავს, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ბინა 13 000 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს მისცეს. გეგმის მიხედვით, დევნილებს 8 000-მდე ბინა უნდა უყიდონ, 5 000-მდე ოჯახს კი - სახლი სოფელში.

გეგმა ასეთია:

  • მშენებლობები რეგიონებში;
  • თბილისსა და რეგიონებში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების შეძენა;
  • სოფლებში იმ სახლების ყიდვა, რომლებსაც დევნილები თავად შეარჩევენ;
  • საცხოვრებელი ფართების დაკანონება.

გეგმის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე თბილისში 3 300 ბინა უნდა აშენდეს, ზუგდიდსა და ქუთაისში - 1 700-1 700, ხოლო რუსთავში - 833. სოფლად კი 5 000-მდე სახლის ყიდვაა დაგეგმილი.

"2024 წლის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე პირობებში არცერთი დევნილი არ იცხოვრებს და გადაუდებელი საჭიროების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ", - თქვა შარშან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

რატომ ასე ნელა?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსია.

საქმე ისაა, რომ დევნილის სტატუსი მშობლებიდან შვილზე მემკვიდრეობით გადადის, რის გამოც საქართველოში დევნილთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, შარშან 4 153 ბავშვი დევნილად დაიბადა. მთავრობა ერთი ოჯახის ფართით დაკმაყოფილებას ერთი თაობის ფარგლებში ვერ ასწრებს.

"სახელმწიფოს აქვს ასეთი პასუხი, რომ ჩვენ გვაქვს კრიტერიუმები…რომელიც საჯაროა… მაგრამ ეს კრიტერიუმები ხშირად იმდენად ბუნდოვანია, ვერ ვიგებთ. მაგალითად, არიან პენსიონერები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ ბინას მაინც სხვა პირი იღებს, რომელთაც შედარებით უკეთესი პირობები აქვთ", - ამბობს სართანია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელს ანა გახოკიძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა გადახედოს კრიტერიუმებს და გადაწყვეტილებები მექანიკურად კი არ უნდა მიიღოს, არამედ თითოეული ადამიანის საჭიროებას მოარგოს.

21 ივნისს თბილისში ბინის მომლოდინე დევნილები თავიანთ პრობლემებზე სასაუბროდ ვერის ბაღში შეიკრიბნენ.

"დევნილთა განსახლების პოლიტიკა თავიდან უნდა დაიწეროს. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, რა ტიპის შიდა ჯგუფები არსებობს დევნილებში. ანუ, ვიღაცას შეიძლება თანადაფინანსება სჭირდება, ვიღაცას სხვა ტიპის დახმარება. დევნილებმა უნდა იცოდნენ, განცხადების დაწერიდან დაახლოებით რამდენ ხანში შეიძლება მიიღონ ბინა, ან რამე ტიპის დახმარება სახელმწიფოსგან", - ამბობს ქეთი სართანიაც.

"რამდენი წელი ველოდოთ? ჯერ შენი ქულა არ არის მოსულიო. 2 ქულა მოგვანიჭეს მე და ჩემს გოგოს. ძმა შშმ პირია და ძლივს მიიღო ბინა ერთი წლის წინ დიღმის მასივში. მასთან ვცხოვრობთ ახლა 20 კვადრატულ ბინაში მე და ჩემი შვილი. მაგიდასთან სკამით საჭმელი რომ გვეჭამა, არ მახსოვს, საწოლზე ვზივარ და ასე ვჭამ. ერთადერთი დიდუბის გამგეობა გვეხმარება წამლებით. დიაბეტი მაქვს და მოციმციმე არითმია", - ამბობს 64 წლის ლენია გოგია, დევნილი სოხუმიდან, რომელსაც დევნილის გარდა, სოციალურად დაუცველის სტატუსიც აქვს.

ლენია გოგია

"აფხაზეთის ომის შემდეგ თეთრი დღე არ გაგვთენებია. ორი შვილი გარდაცვლილი მყავს, ერთი 33 წლის ავადმყოფი ცერებრალური დამბლით. რამდენჯერ მივმართეთ მთავრობას, მაგრამ არაფრით დამეხმარნენ. რამდენჯერ დავწერე განცხადება ბინის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ", - ამბობს 73 წლის ლუარა ლერსაია, დევნილი ოჩამჩირიდან. ლენიას მსგავსად მასაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.

დაახლოებით ერთი თვის წინ მან განცხადება ბინის შესყიდვაზე შეიტანა. ოჯახს აფრიკის დასახლებაში იმ 2-ოთახიანი ბინის შესყიდვა სურს, სადაც ამჟამად ცხოვრობენ.

"ჩემს ავადმყოფ შვილს თავისი პენსია არ ყოფნის. ცუდად ვარ, თავს მოვიკლავ-მეთქი, მაგრამ ჩემი გოგო შემეცოდა, რომელიც ავადმყოფ დას უვლის. ჩემი პენსია, 230 ლარი, ჩემს წამლებს არ ყოფნის. ჩაი და პურით ვართ, სულ წამებაში. შინ მოვლის ფულიც არ მოგვცეს. ოთხჯერ ვარ ნაოპერაციევი. გეფიცებით, ავიყვან ამ ავადმყოფს და დავსვამ დევნილთა სამინისტროს წინ და მიხედონ მაშინ, თუ არ დამეხმარებიან", - ამბობს ლუარა ლერსაია.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების მდგომარეობა გამოწვევად რჩება.