სკოლის შემდეგ ჯართან კონტრაქტი - რუსეთის დუმა ახალ კანონპროექტს განიხილავს

რუსეთის დუმაში განხილული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, შეიარაღებულ ძალებს საშუალება ეძლევა, კონტრაქტი გაუფორმოს იმ პირებსაც, რომლებსაც მანამდე არა აქვთ გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური. მოელიან, რომ კონტრაქტების დადება შესაძლებელი იქნება მაშინვე, როცა პირი სრულწლოვანი გახდება, ანუ საკონტრაქტო სამსახური შესთავაზონ 18 წლის ახალგაზრდებს, მალევე, სკოლის დამთავრების შემდეგ.

მანამდე ამის გაკეთება დაშვებული იყო, სულ ცოტა, 3-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლის, ანდა საშუალო პროფესიული განათლების მიღების შემდეგ.

„სამხედრო განათლებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორია დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვი. ასევე მისი წინადადებაა, რომ აიკრძალოს სამხედრო კონფლიქტებში იმ ჯარისკაცების, მეზღვაურებისა და სერჟანტების ჩართვა, რომელთა სამხედრო სამსახური 4-თვეზე ნაკლებს ითვლის.

თავდაცვის კომიტეტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება. მეორე მოსმენით დოკუმენტს 28 ივნისს განიხილავენ.

მანამდე მიღებული კანონით, რუსეთის სახელმწიფო დუმამ გააუქმა ზედა ასაკობრივი ზღვარი მათთვის, ვინც პირველად დებს კონტრაქტს შეიარაღებულ ძალებთან. ცვლილების დამტკიცებამდე, პირველი კონტრაქტის გაფორმება რუსეთის მოქალაქეებისთვის 18-40 წლის ასაკში, ხოლო უცხოელებისთვის 18-30 წლის ასაკში იყო შესაძლებელი.

საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულია უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე. ხელისუფლება აცხადებდა, რომ ე.წ. სამხედრო სპეცოპერაციაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ მხოლოდ ოფიცრებს, კონტრაქტორებს და პროცესში არ რთავდნენ წვევამდელებს. წვევამდელთა ომში წაყვანის ფაქტები არაერთგზის დადასტურდა.

მოსკოვი აცხადებს, რომ არ აწარმოებს მობილიზაციას, თუმცა სხვადასხვა ცნობით, რუსეთის რეგიონებში აქტიურად აგროვებენ მოხალისეებს უკრაინაში წაყვანის მიზნით.