16-მდე გაიზარდა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმისას დაღუპულთა რიცხვი

უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს რუსული რაკეტა 27 ივნისს მოხვდა

16-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკში, სადაც რუსი სამხედროების მიერ ნასროლი რაკეტა მოხვდა სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ამსტორს“. ინფორმაცია გამთენიისას გაავრცელა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა.

27 ივნისს, საღამოს მომხდარი თავდასხმიდან პირველ საათებში დადასტურებული იყო ჯერ, სულ მცირე 10, შემდეგ კი, 14 ადამიანის სიკვდილი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 59 ადამიანი, მათგან 25 ჰოსპიტალიზებულია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმას ტერაქტი უწოდა. ზელენსკის განცხადებით, ეს იყო არა შეცდომა, არამედ რუსეთის მიერ გათვლილი ქმედება.

“დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და იაპონიის ლიდერებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულად შეაფასეს. გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში, 27 ივნისს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ყველა დამნაშავე პასუხს აგებენ.

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმის გამო დღეს, 28 ივნისს სხდომას გამართავს გაეროს უშიშროების საბჭო.