საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაცია არა მხოლოდ რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია.
ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.
ოფიციალური ინფორმაციით, „საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და, შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა".
შეხვედრას ღარიბაშვილი „ტვიტერის" გვერდზე გამოეხმაურა: „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. შეხვედრაზე კვლავ აღვნიშნე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობისადმი".
Great meeting w/@EUCouncil%27s @CharlesMichel. Following the decision on 🇬🇪%27s 🇪🇺 membership perspective, we will work closely to advance 🇬🇪 on its 🇪🇺 candidate status path. Reiterated our Gov%27s commitment to work tirelessly to meet all the priorities outlined by the @EU_Commission. pic.twitter.com/JFuxzKSJnZ
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 29, 2022
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.