შსს: პრაიდის ღონისძიებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები ტარდება

რუსთაველის გამზირზე, სადაც ჰომოფობიური აქცია იმართება, პოლიციაა მობილიზებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "თბილისის პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ დახურულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ატარებენ საჭირო პრევენციულ ღონისძიებებს. უწყება გავრცელებული განცხადებით მოუწოდებს ჟურნალისტებს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაემორჩილონ პოლიციელების მითითებებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

"თბილისის პრაიდის" დასკვნითი ღონისძების გამართვის გასაპროტესტებლად თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ჰომოფობიური ჯგუფები "ალტ-ინფოს" ორგანიზებით აქციას მართავენ. ისინი 5 ივლისის გამარჯვების სიმბოლოს უწოდებენ ჯვარს, რომელიც გასულ წელს ათეულობით ჟურნალისტზე ძალადობის დღეს აღმართეს.

"[შსს] მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უწყება ამავე განცხადებით ეხმიანება გუშინ, 1 ივლისს თბილისში ჰომოფობიურ აქციაზე 26 ადამიანის დაკავებას. უწყებაში აცხადებენ, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ფესტივალამდე მისასვლელი გზა და არ დაემორჩილნენ პოლიციელების მოთხოვნას.

ასევე ნახეთ შსს-მ „ალტ-ინფოს“ აქციაზე 26 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ლიდერები

"პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა", - აცხადებენ შსს-ში.

2 ივლისს თბილისში დაგეგმილია „პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.

გასულ წელს, 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით პარლამენტის წინ სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. მოძალადეებს შორის მხოლოდ 30-ზე მეტი კაცი დააკავეს. მათ შორის არცერთი არ არის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული.

ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, თუ დასასჯელია მორგოშია და მახარაძე, მაშინ ოპოზიციის ნახევარიც დასაჭერია

გასული წლის მოვლენების გათვალისწინებით, წელს „თბილისი პრაიდმა“ უარი თქვა საჯარო მანიფესტაციაზე. ამის მიუხედავად, „კვირეულის“ დაანონსებისთანავე ულტრაკონსერვატორები მის ჩაშლაზე საუბარი დაიწყეს საკუთარი ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში თუ სხვა პლატფორმებზე.

ასევე ნახეთ პრაიდი: კინოპრემიერა, კონფერენცია, ფესტივალი - ზეწოლა, მუქარა, ძალადობა