მოსკოვის ციხეში გარდაიცვალა სამშობლოს ღალატში ბრალდებული რუსი ფიზიკოსი

ცნობილი ნოვოსიბირსკელი მეცნიერი, დმიტრი კოლკერი, რომელიც 30 ივნისს დააკავა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა, გარდაიცვალა მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც პანკრეასის კიბოს IV სტადიით დაავადებული და ღალატში ეჭვმიტანილი 54 წლის ფიზიკოსი საავადმყოფოდან გადაიყვანეს 2 ივლისს.

კოლკერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მეცნიერის ახლობლებმა 3 ივლისს დილით გაავრცელეს, როცა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს გარდაცვალების ცნობა:

„07/02/2022 - გადაყვანილ იქნა კაგებე-ში, სადაც 2.40 საათზე გარდაიცვალა“.

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დმიტრი კოლკერი ხელმძღვანელობდა კვანტურ-ოპტიკური ტექნოლოგიების ლაბორატორიას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის ლაზერული ფიზიკის ინსტიტუტსა და ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ასწავლიდა ლაზერული სისტემების განყოფილებაში ნოვოსიბირსკის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტი.

კოლკერის სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება ლაზერული სისტემების პროექტირებასა და ახალი ტიპის გამოსხივების წყაროების შემუშავებას სხვადასხვა ინდუსტრიებში პრაქტიკული გამოყენების მიზნით.

30 ივნისს ნოვოსიბირსკის რაიონულმა სასამართლომ სამშობლოს ღალატში ეჭვმიტანილ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლი) მეცნიერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დმიტრი კოლკერი ეჭვმიტანილია "სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემების მიწოდებაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისათვის“, რომლის უნივერსიტეტებში რუსი მეცნიერი, უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, ლექციებს კითხულობდა.

რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ამავე საქმეზე დააკავეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი ანატოლი მასლოვი. 75 წლის მეცნიერიც ასევე „ღალატშია“ ეჭვმიტანილი. პროფესორი სასამართლოს ბრძანებით დააკავეს და მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის 12 თანამშრომელი, ბოლო 20 წლის განმავლობაში 30-ზე მეტ მეცნიერს დასდეს ბრალი"ჯაშუშობასა და ღალატში".