რუსეთის თავდაცვის მინისტრმა 3 ივლისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ რუსეთის არმიამ "გაათავისუფლა" უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ლუგანსკის რეგიონის მთელი ტერიტორია. შოიგუს თქმით, რუსეთის ძალებმა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაიკავეს ქალაქი ლისიჩანსკი, სადაც ბოლო დღეებში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობდა და რომელიც ლუგანსკის რეგიონში წარმოადგენდა უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ ნაწილობრივ დარჩენილ უკანასკნელ მნიშვნელოვან დასახლებულ ცენტრს.
რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, იგორ კონაშენკოვის სიტყვებს: "რუსეთის სამხედროები ... ლისიჩანსკის შიგნით იბრძვიან და ბოლომდე მიჰყავთ ალყაშემორტყმული მტრის დამარცხება".
ლუგანსკის რეგიონის კიევის მომხრე გუბერნატორი სერგეი ჰაიდაი "ტელეგრამით" წერს, რომ რუსეთის ძალებმა "პოზიციები გაიმყარეს ქალაქში". უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა 2 ივლისს, გვიან საღამოს თქვა, რომ რუსეთის ძალები "საფრთხის შემცველ სიტუაციას" ქმნიდნენ ქალაქისთვის.
აპრილში რუსეთმა გაიყვანა თავისი ძალები კიევის შემოგარენიდან და უკრაინის სხვა ნაწილებიდან და განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ წარმოებული ომის მთავარი მიზანია კონტროლის დამყარება აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე.
ბოლო დღეებში რუსეთის არმია ლისიჩანსკს ინტენსიურად უტევდა რაკეტებით და ჭურვებით. ერთი კვირის წინ დაეცა ქალაქი სევეროდონეცკი, რომელიც მდებარეობს ლისიჩანსკის გადაღმა, მდინარე ჩრდილოეთის დონეცის მეორე ნაპირზე. კონტროლის დამყარებამდე რუსეთის ძალებმა სევეროდონეცკი ფაქტობრივად გაანადგურეს.
პარალელურად, 3 ივლისს უკრაინის ქალაქ ხარკოვის მოსაზღვრე, რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ წინა ღამით სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ბევრი შენობა დაზიანდა ინციდენტით, რომელსაც რუსეთის გავლენიანმა დეპუტატმა უწოდა "უკრაინის მხრიდან აგრესიის პირდაპირი აქტი".