წელს ჰაჯზე მექაში მილიონ მლოცველს მოელიან

საუდის არაბეთში, მექაში, მსოფლიოს მუსლიმთა ცენტრში, დაიწყო წლევანდელი ჰაჯი, რომელზეც მილიონ მლოცველს მოელიან.

ეს იქნება კოვიდის პანდემიის დაწყების შემდეგ უდიდესი თავყრილობა. გასულ ორ წელიწადში ჰაჯი ჩატარდა მლოცველთა ძალიან მცირე რაოდენობის მონაწილეობით.

წელს ისლამის წმინდა ქალაქში ჩამსვლელები აცრილი უნდა იყვნენ, მათ ევალებათ ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა.

ჰაჯი ისლამის მეხუთე სვეტად ითვლება. ყოველი ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მომზადებული მუსლიმანი მორალურად ვალდებულია, ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი სიცოცხლის განმავლობაში.

ჰაჯი, სხვათა შორის, გულისხმობს მექის დიდ მეჩეთში, ქააბას გარშემო შვიდჯერ შემოვლას და მინაში ეშმაკის სიმბოლურად ჩაქოლვას.

ქააბა არის ქიბლა - ორიენტირი, რომლისკენაც იყურება ყველა მუსლიმი ლოცვის დროს.