NHK: თავდასხმისას დაჭრილი იაპონიის ექს-პრემიერი შინზო აბე გარდაიცვალა

იაპონიის ექს-პრემიერ შინზო აბეს ქალაქ ნარაში საარჩევნო კამპანიის დროს ესროლეს

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მძიმედ დაჭრილი შინზო აბე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK ავრცელებს.

67 წლის შინზო აბეზე თავდასხმა დღეს, 8 ივლისს, დილით მოხდა. აბე 10 ივლისს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა ქალაქ ნარაში, სადაც, სიტყვით გამოსვლის დროს ორჯერ ესროლა დაახლოებით 40 წლის მამაკაცმა, რომელიც დაკავებულია. იაპონური მედიასაშუალებების ცნობით, ეჭვმიტანილი ტეცუია იამაგამი ყოფილი სამხედროა და დაკითხვისას განაცხადა, რომ უკმაყოფილო იყო აბეს პოლიტიკით.

ლიბერალ-დემოკრატი შინზო აბე იაპონიის პრემიერ-მინისტრი იყო 2006-2007 და 2012-2020 წლებში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის, აბეს ეს თანამდებობა ყველაზე დიდხანს ეკავა. 2020 წელს, შინზო აბემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები, თუმცა, პარტიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩებოდა.