შვეიცარიის სასამართლომ ბლატერი და პლატინი გაამართლა

ფიფას და უეფას ყოფილი პრეზიდენტები ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი. ციურიხი. 29 მაისი, 2015 წელი

შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ გაამართლა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის - ფიფას და ფეხბურთის ასოციაციათა ევროპის ფედერაციის - უეფას - ყოფილი პრეზიდენტები ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი თაღლითობის საქმეში.

მათ ბრალად ედებოდათ ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის მითვისება და დოკუმენტების გაყალბება.

ბრალდება ამტკიცებდა, რომ ბლატერმა პლატინის ორგანიზაციაში მუშაობისთვის უკანონოდ, უკანა რიცხვით ჩაურიცხა თანხა. გამოძიების თანახმად, ამან საერთაშორისო ფედერაციას ზარალი მიაყენა. ორივე, ბლატერიც და პლატინიც, ბრალდებას უარყოფდა.

საქმემ გამოიწვია ბლატერის და პლატინის დაკავებული პოსტებიდან გადადგომა - 2015 და 2016 წლებში. ორივეს აეკრძალა ფეხბურთის სფეროში თანამდებობის დაკავება თავიდან რვა, შემდეგ კი ექვსი წლით. პლატინიმ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ ბედნიერია: „ კვლავაც ვიმეორებ, ჩემი ბრძოლა ესაა სამართლიანობისთვის ბრძოლა. პირველი მატჩი მოვიგე.“

პლატინის სიტყვები მოჰყავს სააგენტო Reuters-ს.