პაპუაშვილი: მოვუწოდებ ევროპარლამენტარებს, ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები

შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებით, ევროპარლამენტარები ქვეყანაში პოლარიზაციას "აქეზებენ". ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს იმ გამოსვლის შეფასება სთხოვეს, რომელშიც დეპუტატმა თქვა, რომ დეოლიგარქიზაცია ეხება ბიძინა ივანიშვილს და ნიშნავს "დებიძინიზაციას".

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას მისი რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ, მათ შორის, რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და ნუ იქნებიან თავად პოლარიზაციის წამქეზებლები. ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება, მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, კონკრეტულად ეს დეპუტატი თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას, აქეზებს საქართველოში პოლარიზაციას და მათ შორის, ამ კუთხით შეურაცხყოფს ქართულ დემოკრატიას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა.

დღეს, 13 ივლისს, ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის პროექტი მოისმინეს. სიტყვით გამოსვლის დროს ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ თქვა, რომ "დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს".

ასევე ნახეთ პაპუაშვილი: დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირი შტურმი საქართველოზე

12 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელით განცხადება გავრცელდა. წერილში არაერთხელ იყო ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის დამფუძნებელი, რომელსაც ოპოზიცია ოლიგარქად მიიჩნევს. განცხადებით, ღარიბაშვილი ხსნის, რატომ არ არის ივანიშვილი ოლიგარქი, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში მასთან კავშირში მყოფი ადამიანები იმყოფებიან და მმართველი პარტიის წევრებს მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ.

"როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია... როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი საუბრობს იმ ეჭვებზე, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობაზე მიუთითებდა
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ივანიშვილზე: ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მათ შორისაა, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი ოლიგარქია და მისი სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოლიგარქები ოპოზიციის ლიდერებს შორის არიან.