აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ისრაელში

მარცხნიდან: ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი თელ-ავივის ბენ გურიონის სახელობის აეროპორტში. 13 ივლისი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ისრაელში. აეროპორტში მას შეხვდნენ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი და მისი წინამორბედი ნაფტალი ბენეტი.

ბაიდენი ორ დღეს დაყოფს იერუსალიმში, მოინახულებს სადავო ტერიტორიებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, სადაც შეხვდება პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს. ამის შემდეგ ბაიდენი საუდის არაბეთში გაფრინდება და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან გამართავს მოლაპარაკებებს. ეს ახლო აღმოსავლეთში ბაიდენის პირველი ვიზიტია პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას.

როგორც მოსალოდნელია, ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი ისრაელელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ისრაელის ინტეგრაციის გაღრმავებაზე ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო პოლიტიკაში, ირანის პოზიციების გამყარებისადმი წინააღმდეგობაზე, ასევე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენასა და რუსეთის აგრესიისთვის ერთობლივ წინააღმდეგობაზე.

პრემიერ-მინისტრ ლაპიდთან მოლაპარაკებების გარდა, ბაიდენი, სავარაუდოდ, შეხვდება ოპოზიციური პარტია „ლიკუდის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც კვლავ შეიძლება გახდეს ლიდერი წინასაარჩევნო შეჯიბრში. ისრაელში შემდეგი არჩევნები ნოემბერში ტარდება.

14 ივლისს, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ჯო ბაიდენი და იაირ ლაპიდი ხელს მოაწერენ „იერუსალიმის დეკლარაციას“, რომელიც განავრცობს ისრაელსა და აშშ-ს შორის უკანასკნელი წლების განმავლობაში მიღწეულ შეთანხმებებს პოლიტიკის, თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში. დოკუმენტში აღნიშნული იქნება აშშ-ის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისა და წინსვლისადმი, რეგიონში მისი სამხედრო უპირატესობისადმი. დეკლარაციაში ჩაიწერება, რომ ისრაელს უფლება აქვს, დამოუკიდებლად დაიცვას თავი ნებისმიერი მუქარისგან. დეკლარაციის მნიშვნელოვანი ნაწილია ვალდებულება, რომ ირანს არ მიეცეს ბირთვული იარაღის მოპოვების საშუალება.