ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახური მოქალაქეთა დაკავების ნახევარწლიან სტატისტიკას აქვეყნებს. დე ფაქტო „კაგებეს" ცნობით, 2022 წლის პირველ 6 თვეში სასაზღვრო კანონმდებლობის 209 დამრღვევი დააკავეს.
„ამათგან: სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია 134, 75 – სასაზღვრო ზონის რეჟიმის. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა გამოძიება ჩაატარა სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის თითოეულ ფაქტზე, რა დროსაც 139 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 2 პირი ჯარიმის დაკისრების შემდეგ გააძევეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან. 32 პირი გააძევეს საჯარიმო სანქციის გარეშე, 26 პირი სიტყვიერად გააფრთხილეს, აღძრულია შვიდი სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება დამატებით სამ მოქალაქეზე“, - აცხადებენ დე ფაქტო "კაგებეს" პრესსამსახურში.
დე ფაქტო „კაგებე" ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ ე.წ. სასაზღვრო ზონაში შესვლისას მუდამ თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
როგორც წესი, დე ფაქტო რესპუბლიკიდან ე.წ. საზღვრის დამრღვევი პირების გაძევებაში საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობენ. აქედან გამომდინარე, 2 მოქალაქეს ჯარიმა დააკისრეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს, 32-ის მიმართ კი ჯარიმა არ გამოიყენეს და ისე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იხდის სასჯელს. აქედან ლევან მაჩაბელი და მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე აყენებენ ხოლმე. ერგნეთის მორიგი შეხვედრა სექტემბრამდე არ გაიმართება.