უკრაინამ ხორბლის უსაფრთხო ექსპორტისთვის სტამბოლის მოლაპარაკების მონაწილეებს შესთავაზა შავ ზღვაში ნავიგაციის საბაზო ალგორითმის შექმნა. ამის შესახებ, როგორც გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ წერს, 13 ივლისს, ღამით განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა. მან დაადასტურა, რომ მოლაპარაკებაზე მიღწეულია შეთანხმება გაეროს ეგიდით, სტამბოლში შეიქმნას ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი. ერმაკის ინფორმაციით, ცენტრის ამოცანა იქნება შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის კოორდინაცია და მონიტორინგი.
13 ივლისს, სტამბოლში გაიმართა უკრაინის, რუსეთის და თურქეთის სამხედროთა დელეგაციებისა და გაეროს დიპლომატების მოლაპარაკება გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით. შეხვედრის შემდეგ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ შეთანხმებულია ძირითადი ტექნიკური საკითხები, კერძოდ, ყველა მხარის მონაწილეობით, სტამბოლში შეიქმნება საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც გააკონტროლებს გემების გადაადგილებას და უზრუნველყოფს უსაფრთხო ნაოსნობას. აკარის ინფორმაციით, მომავალ კვირაში თურქეთში ისევ გაიმართება შეხვედრა, რომელზეც კიდევ ერთხელ განიხილავენ ყველა დეტალს და ოფიციალურ დოკუმენტს გააფორმებენ.
სტამბოლში გაეროს, უკრაინის, რუსეთის და თურქეთის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ტვიტერზე დაწერა, რომ გაჩნდა „იმედის სხივი კრიზისებით ჩაბნელებულ მსოფლიოში“ და უკრაინის სასურსათო პროდუქტების ექსპორტის უზრუნველსაყოფად წინ დიდი ნაბიჯი გადაიდგა.
უკრაინის დელეგაციამ პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა, რომ სტამბოლში მიღწეული იყო გარკვეული პროგრესი. ამის შესახებ თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა მოქალაქეებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დეტალებს შეათანხმებენ გაეროს გენერალურ მდივანთან. ზელენსკიმ ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს და თურქეთს და განაცხადა, რომ პროცესის წარმატებით დასრულება სჭირდება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში დაბლოკილია ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტები კი რუსეთის კონტროლქვეშაა. სხვადასხვა მონაცემით, უკრაინის შავი ზღვის პორტებში დაბლოკილია 20-25 მილიონი ტონა ხორბალი. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მკვეთრად შემცირება განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.