ეს ახალი გარემონტებულია? - ნახეთ, როგორ გამოიყურება პარკი მონუმენტთან, რომელზეც მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

შადრევნები დგას და წყალი არ მოდის, საქანელებს კარკასი აქვს, მაგრამ დასაჯდომი სკამები არა, სკვერიც გაკეთდა, თუმცა სკამები და მაგიდა ისევ საწყობში დევს - მარნეულის მუნიციპალიტეტში მილიონები იხარჯება სივრცეების მოწყობაზე, მაგრამ მათი უმრავლესობა ხარვეზებით კეთდება.

“აქ ადრე არაფერი იყო, რაც [პარკი] გააკეთეს მთელი ქალაქი აქ მოდის ხოლმე საღამოობით. თქვენ რა გაინტერესებთ, რას იღებთ?” - გვეკითხება ახალგაზრდა კაცი მარნეულის შესასვლელში მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტის გარშემო მოწყობილ პარკში.

სამშაბათია, საღამოს 5 საათი. 13 წლამდე ბიჭი ველოსიპედით არტყამს წრეებს აქაურობას, საბავშვო მოედანზე ორი ოჯახია თავშეყრილი. კაცი ნარგავებს რწყავს მანქანით მოტანილი ავზიდან.

პარკში წყლის ორი შადრევანია, წყალი არცერთში არ მოდის. მონუმენტთან რამდენიმე მანქანა ჩერდება და ახალგაზრდები გადმოდიან - გოგოები ერთი მანქანიდან, ბიჭები მეორედან - ქორწილის წინ გამოისეირნეს. ესეც აქაურების ახალი ტრადიციაა, მარნეულში სხვა ასეთი ლამაზი პარკი არ გვაქვს, გვიხსნის ბიჭი, რომელიც პირველად გამოგველაპარაკა.

წყალი მთელ მუნიციპალიტეტში პრობლემაა. 19 სოფელ წლის სისტემა საერთოდ არ აქვს, 14 სოფელს კი წყლით ამარაგებს კომპანია, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ აქვს. მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 000-ზე მეტი ოჯახიდან , წყალი უწყვეტად მხოლოდ 1200-მდე ოჯახს აქვს.

მარნეულის მერიამ “კიდევაც დაიზრდებიან” მონუმენტის მიმდებარედ სივრცის მოწყობა 2019 წელს დაიწყო და ამ საქმეში მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

2022 წლის მარტში აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ მარნეულში მონუმენტური ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხო და შეუსაბამოა. კომპანიამ, რომელსაც ხარისხის კონტროლი ევალებოდა, პროექტის შესრულება დადებითად შეაფასა. მან ხარვეზების შესახებ არც მუნიციპალიტეტს შეატყობინა და არც მშენებელს მოსთხოვა ხარვეზების გამოსწორება. მშენებლობის ხარისხის კონტროლი მერიის მოვალეობაცაა - უხარისხოდ შესრულებული სამუშაო ვერც მათ შეამჩნიეს.

გახსნიდან რამდენიმე თვეში მონუმენტის გარშემო ველობილიკი დაიბზარა, სკამებს აგურის ფილები აქვს ჩამოცვენილი და ხის ფიცრები გატეხილია, სათამაშო მოედანზე საქანელების მხოლოდ ბოძებია;

ჩამოტეხილია ამფითეატრის კედელიც, ღობე კი, რომელიც ამ პარკს აკრავს ადგილ-ადგილ თოკებით არის გადაბმული, პლასტმასის დატეხილი შესაკრავები იქვე ძირს ყრია. ღობის იქით იმ ფილებსაც ნახავთ, რომელიც ამ ადგილის რეაბილიტაციის მოწყობამდე იყო მოსაპირკეთებლად გამოყენებული. როგორც ჩანს, სამშენებლო ნაგვის გატანის ვალდებულებაც არ შეასრულა იმან, ვისაც ეს ევალებოდა.

სამშენებლო ნარჩენი განახლებულ მონუმენტთან. მონუმენტის საზეიმო გახსნას 2022 წლის 26 მაისს ესწრებოდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

მარნეულის შესასვლელში მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები კომპანია ინტერტექნოლოგმა შეასრულა. ამ კომპანიას მხოლოდ 2019 წელს სამ მილიონამდე ლარის სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული. მონუმენტური ძეგლის აღდგენისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი როიალ არტ ჯგუფს ეკუთვნის. მარნეულის მერიამ 2018 წელს კომპანიისგან 25 423 ლარად იყიდა გეგმა, როგორ უნდა განახლებულიყო ეს ადგილი.

ამ პროექტზე კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანია, “ოპტიმალ გრუპ +” მუშაობდა. ამ კომპანიას მარნეულის მთავრობამ 2 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა სამუშაოების ზედამხედველობისთვის.

ზედამხედველი კომპანია ვალდებული იყო 2019-2020 წლებში განხორციელებული ყველა იმ სამუშაოს ზედამხედველობა, რომელსაც მერია ყიდულობდა და რომლის ღირებულებაც 50 000 ლარს აღემატებოდა. აუდიტი მიიჩნევს, რომ ზედამხედველმა კომპანიამ მოვალეობები პატიოსნად არ შეასრულა - მარნეულის მერიამ მათი დადებითი დასკვნის საფუძველზე არაერთი პრობლემური პროექტი ჩაიბარა. ერთ-ერთი მონუმენტის ირგვლივ არსებული სივრცეა.

მონუმენტი და მის გარშემო გაშენებული პარკის გარდა მარნეულში არაერთი სხვა პროექტია, რომლებიც ხელისუფლებას ხარვეზებით ჩაბარდა:

  • სოფელ საიმერლოში საბავშვო ბაღის შენობა,61 000 დაჯდა. ბაღის კედლები დაბზარულია.
  • მინი სტადიონის მშენებლობაზე სოფელ თაქალოში 24 100 ლარი დაიხარჯა. სტადიონს არ აქვს კარი, დაზიანებულია საფარი, ბადე და კალათბურთის ფარი.
  • მარნეულში ახალგარემონტებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის შიდა კედლები დაბზარულია, სამზარეულოს კედლები ნესტიანდება და ზიანდება, გაუმართავია წყალარინების სისტემა.
  • სოფელ წერეთელში სკვერი, რომლის მოწყობაზეც 40 ათას ლარამდე დაიხარჯა, კვლავ მოუწყობელია. მაგიდა და სკამები საწყობში აწყვია, წიგნის თაროები და ბავშვების საქანელა დაზიანებული, ყვავილნარი გამხმარია, აუზი ცარიელი.
  • სოფელ თამარისის საჯარო სკოლის საპირფარეშოები - მიუხედავად იმისა, რომ მათი გაკეთება 37 ათას ლარზე მეტი დაჯდა, დაზიანებულია.

მარნეულის მუნიციპალიტეტში აუდიტის სამსახურმა ნახა ისეთი შემთხვევებიც, როცა რაღაც ისე კეთდება რომ გეგმა არ არსებობს. ასე მოხდა მაგალითად სოფელ ხოხმელში, სადაც 13 000 ლარი დაიხარჯა 2019 წელს კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის. ეს შენობა ერთ წელზე მეტია, დაკეტილია - ქალაქის მთავრობა მისი გარემონტების შემდეგ მიხვდა, რომ შენობას ფუნქციონირებისთვის ინვენტარიც სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, მუნიციპალიტეტს არც ინვენტარის შესყიდვაზე გამოუცხადებია ტენდერი და არც ამ სივრცის გაცოცხლება მოსვლია აზრად.

კიდევ ერთი გაურკვეველი ხარჯი მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის აგვისტოში გასწია, როცა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობას 678 000 ლარის გადასახური მასალები უყიდა. სტიქიით დაზარალებულებს სახურავები საკუთარი ხარჯებით უნდა შეეკეთებინათ. აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ 36-მა ოჯახმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა და მათთვის შეძენილი მასალები ისევ დასაწყობებულია.

ასევე ნახეთ გინახავთ სტადიონები რუსთავში? - მილიონ ლარზე მეტი უხარისხო საქმეში