ევროკავშირის სანქციები მოსკოვის მერზე და ცნობილ მსახიობებზეც გავრცელდება

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი

ევროპულმა საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრების დონზე შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინაში შეჭრის გამო. როგორც „ნასტოიაშჩეე ვრემია“ იუწყება, სანქციების მორიგ პაკეტში შედის ემბარგო რუსეთის ოქროზე, ასევე გაფართოებულია იმ ორმაგი დანიშნულების საქონლის სია, რომლის რუსეთში ექსპორტი აკრძალულია.

ასევე ევროკავშირის ახალი სანქციების სიაში მოხვდებიან მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, ასევე მსახიობები სერგეი ბეზრუკოვი და ვლადიმირ მაშკოვი.

ტელეარხის თანამოსაუბრეებმა დააზუსტეს, რომ ბეზრუკოვმა მხარი დაუჭირა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრას, მაშკოვმა კი მხარი დაუჭირა დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებას. სობიანინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულად მიიჩნევა.

როგორც Reuters-ი იტყობინება შეზღუდვები გავრცელდება ასევე „სბერბანკზე“.

მთლიანობაში სანქციების სიაში იქნება რუსეთის 50-მდე იურიდიული და ფიზიკური პირი.