რუსეთმა სარაკეტო იერიში განახორციელა კრამატორსკის წინააღმდეგ, არის მსხვერპლი

კრამატორსკის ცენტრალური რაიონი რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ. 19 ივლისი.

რუსეთმა სარაკეტო იერიში განახორციელა კრამატორსკის წინააღმდეგ. ეს დონბასის რეგიონის ერთ-ერთი უკანასკნელი ქალაქია, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.

კრამატორსკის მერმა ოლექსანდრ ჰონჩარენკომ 19 ივლისს Telegram-ში დაწერა, რომ „არის მსხვერპლი“, თუმცა დეტალებზე მას არ უსაუბრია.

ჰონჩარენკოს თქმით, „ადგილზე მუშაობენ ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალისტები და მაშველები“.

კრამატორსკი აღმოსავლეთ უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომელსაც რუსეთი აპრილის დასაწყისიდან უშენს რაკეტებს, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში ომის აქცენტი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაანაცვლა.