3 დღე-ღამე მარტო ოკეანეში - გაქცევა საბჭოთა კავშირიდან

1936 წლის 17 ივლისს დაიბადა ადამიანი, რომელმაც მოახერხა სსრკ-სა და დასავლეთს შორის აღმართული რკინის ფარდის გახვრეტა ალბათ ყველაზე წარმოუდგენელი გზით. სლავა კურილოვმა თითქმის შეუძლებელი შეძლო. სამი დღე-ღამე ძილის, წყლისა და საკვების გარეშე მარტო მიცურავდა ოკეანეში. თითქმის ასი კილომეტრის გადალახვის შემდეგ მიაღწია ფილიპინების კუნძულ სიარგაოს, რათა ახალი ცხოვრება დაეწყო...

დაიწყო კიდეც, რომელიც 25 წელი გაგრძელდა და სულ სხვა წყლებში დასრულდა. 1998 წლის 29 იანვარს კურილოვი დაიხრჩო კინერეტის ტბაში, რომელიც ისრაელში მდებარეობს. როდესაც მწერალმა ვასილი აქსიონოვმა კურილოვის გარდაცვალების გარემოებები შეიტყო, აღტაცებულმა თქვა: "ბედის რა მშვენიერი მონახაზია!" ელენა გენდელევა-კურილოვა, სლავა კურილოვის მეუღლე, სწორედ ამ მშვენიერი ბედის მონახაზზე ელაპარაკა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.

სლავა კურილოვი

1974 წელი, დეკემბერი. ტურისტული ლაინერი "საბჭოთა კავშირი" ვლადივოსტოკიდან ეკვატორისკენ მიემგზავრება. მგზავრებს ვიზები არ უფორმდებათ: არ არის ამის საჭიროება, რადგან გემი პორტებში შესვლას არ აპირებს. დღის განმავლობაში შესაძლებელია ჰორიზონტზე შორეული ნაპირებით ტკბობა და თან ლექციების მოსმენა იმის შესახებ, თუ როგორ იტანჯებიან მუშები დამპალ კაპიტალისტურ ქვეყნებში. საღამოს კი ყველა იკრიბება საცეკვაო მოედანზე აუზთან. უკაცრიელია მხოლოდ ზედა, ტექნიკური გემბანი.

13 დეკემბერს ამინდი უარესდება, იწყება ქარიშხალი. შებინდებისას ერთ-ერთი მგზავრი მაღლა ადის. ის დიდხანს დგას და გაჰყურებს ჰორიზონტს. იქვე, სამი მეზღვაური საკუთარი საქმითაა დაკავებული. უეცრად ორი მათგანი მიდის, ერთი კი ზურგს აქცევს. იშვიათი შესაძლებლობაა, რომელიც არ უნდა გაუშვა ხელიდან. ადამიანი წამში ახტება ზღუდეს და ღამის ოკეანეში ხტება. ეს ადამიანი სლავა კურილოვია. როცა დანაკლისს აღმოაჩენენ, დაიწყებენ რამდენიმესაათიან ძებნას, ვერ იპოვიან და უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადებენ. როცა აღმოჩნდება, რომ გაქცეული გადარჩა, დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან სახელმწიფო ღალატისთვის, მაგრამ მისთვის თავისუფლების წართმევა უკვე შეუძლებელი იქნება: სწორედ იმისთვის გადახტა ოკეანეში, თავისუფლება რომ მოეპოვებინა.

"... საათს დავხედე: ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი. ძალიან კარგი იყო მეგობრებთან ჯდომა და არაფერზე ფიქრი. - დროა, - ვუთხარი ჩემს თავს. ლაინერი კუნძულის ჩრდილოეთ წვერზეა. ნახევარი საათი გაქვს. მაგიდიდან ავდექი. - სად მიდიხარ! იჯექი ჩვენთან! არ მინდოდა ტყუილის თქმა ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში. მალე არ დავბრუნდები, - ვუთხარი ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ და გასასვლელისკენ წავედი ისე, რომ შემდგომ კითხვებს არ დავლოდებივარ.

ნახევარ საათში, როდესაც ლაინერი გაივლის კუნძულ სიარგაოს მახლობლად, მე გადავაბიჯებ გემის კიდეს, სახელმწიფოს საზღვარს.

ავედი ზედა ბოგაზე და ჰორიზონტს გავხედე დასავლეთისკენ. არანაირი სინათლე და განათება. არც მთვარე. არც ვარსკვლავები. კომპასიც არ მაქვს.

- ახლა უკვე სულერთია! - გავიფიქრე, - წილი ნაყარია“.

სლავა კურილოვის წიგნიდან "მარტო ოკეანეში"

"ქარიშხალი მოდის, სიხარულით ამევსო გული"

სლავა კურილოვი სემიპალატინსკში გაიზარდა, სადაც გარშემო მხოლოდ უსასრულო ყაზახური სტეპებია.

- იქ, ნებისმიერ ზღვამდე, უსასრულოდ შორი მანძილია, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც პატარა სლავამ წარმოთქვა, "წყალი" იყო. მშობლების სახლის კედელზე ტალღებზე მოცურავე იალქნიანი ნავის სურათი ეკიდა. როდესაც ეს ნახატი ნახა, ლამის რელიგიური მოწიწება იგრძნო ზღვისადმი. უბრალოდ ზღვით დაავადდა, - ამბობს ელენა გენდელევა-კურილოვა, სლავა კურილოვის მეუღლე.

სლავა კურილოვის წიგნიდან "მარტო ოკეანეში":

"მახსოვს ქუჩა პატარა პროვინციულ ქალაქში, სახლი და ოთახი, სადაც ჩვეულებრივ მაგიდასთან ვიჯექი და უხალისოდ ვასრულებდი საშინაო დავალებას. ფანჯრის გარეთ, ქუჩის გადაღმა, ყოველთვის ვხედავდი მაღალ ნაცრისფერ ღობეს, რომელზეც ხანდახან კატა იჯდა. მასაც ჩემსავით უნდოდა ენახა, რა ხდებოდა ღობის იქით. ყოველ ჯერზე, როცა თავს ავიღებდი წიგნიდან, ამ ღობეს ვხედავდი. მძულდა ეს ნაცრისფერი ღობე, რადგან ის ჩემსა და ამ იდუმალ გარესამყაროს შორის იდგა. ხანდახან ნებისყოფის ძალისხმევით ვახერხებდი მის გაქრობას. ფიქრებში წარმოვიდგენდი ოკეანის დიდ ტალღებს, რომლებიც ჯერ ეხეთქებოდნენ, შემდეგ კი პირწმინდად ანგრევდნენ ამ ღობეს. ჩემ წინაშე იხსნებოდა უცნობი სიშორეები - ტროპიკული კუნძულების მშვიდი ყურეები პალმიანი ნაპირებით, ეული იალქნიანი ნავი შორს ჰორიზონტზე და ოკეანის ღია, თვალუწვდენელი სივრცე. მაგრამ როცა ოცნებებით დაღლილი გონზე მოვდიოდი, კვლავ ულმობელ ნაცრისფერ ღობეს ვხედავდი..."

პიონერთა ბანაკში მან დამოუკიდებლად ისწავლა ცურვა. ათი წლისამ გაბედულად გადაცურა ირტიში, სადაც კინაღამ დაიღუპა გემის პროპელერის ქვეშ, თხუთმეტი წლისა კი გაიქცა ლენინგრადში, რათა იუნგად მოწყობილიყო ბალტიის ფლოტში.

ელენა გენდელევა-კურილოვა:

- მშობლები წავიდნენ, სლავა ბებია-ბაბუის მეურვეობის ქვეშ დარჩა. მოხუცებმა, ეტყობა, ყურადღება მოადუნეს და სლავაც რაღაც გზებით პიტერში აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, იუნგად არ აიყვანეს, რადგან საბუთები არ ჰქონდა. გამწვევმა კომისიამ უარი უთხრა, მაგრამ სლავას შეჩერება არც ისე იოლი იყო.

სლავა კურილოვი მშობლებთან ერთად

ჯარში სამსახურის შემდეგ, კურილოვს საბუთები შეაქვს ლენინგრადის საზღვაო სასწავლებელში. მხედველობის პრობლემების გამო შესარჩევი კომისია უარს ეუბნება. არ ნებდება და ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში აბარებს სპეციალობაზე „ოკეანოგრაფი“. უმაღლესის დამთავრების შემდეგ მუშაობს ბაიკალის ტბაზე ინჟინერ-ჰიდროლოგად. ცხოვრობს ქოხში, კუნძულ ოლხონზე. მარტივი მოვალეობები აქვს - ინფორმაციის შეგროვება ტბის ჩრდილოეთ ნაწილში მიმოფანტული 13 მეტეოსადგურიდან. ამ სამსახურში კურილოვს ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ განმარტოების შესაძლებლობა აქვს.

შემდეგ კი, როგორც ახალგაზრდა და პერსპექტიული სპეციალისტი, მიიწვიეს გელენჯიკში, წყალქვეშა კვლევით ლაბორატორია „ჩერნომორში“.

- ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა ანატოლი მაიერი, რომელიც ოკეანოგრაფთა გუნდს ზღვაში გადარჩენის ოსტატობას ასწავლიდა. გუნდის წევრები ცხოვრობდნენ ნახევრად ადამიანებივით და ნახევრად თევზებივით, როგორც აკვანავტები. დროის უმეტეს ნაწილს წყლის ქვეშ ატარებდნენ და ღამესაც კლდეზე ათევდნენ, რათა დილით ისევ წყალში შესულიყვნენ. სლავამ 2000 საათზე მეტი გაატარა წყლის ქვეშ - ასეთია მისი ოფიციალურად დაფიქსირებული აკვალანგისტის სტაჟი. მაიერმა ბიჭებს ექსტრემალურ სიტუაციებში სწორად მოქმედება ასწავლა. როდესაც ქარიშხალი იწყებოდა, ისინი ნაპირისკენ, პირდაპირ კლდეებისკენ მიქროდნენ პატარა ნავით. ერთი არასწორი გადაწყვეტილება, წამიერი დაგვიანება შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დაჯდომოდათ.

რამდენიმე წლის შემდეგ, ლაინერ „საბჭოთა კავშირის“ ზედა გემბანზე ყოფნისას, კურილოვს არ შეეშინდება მოსალოდნელი უამინდობის. „ქარიშხალი იწყება, სიხარულით ამევსო გული“, - ჩაიწერს ის.

"ნებისმიერი სხვა ადამიანი გაიფიქრებდა: იქნებ უკეთესია გადავდო გადახტომა, მაგრამ სლავამ, პირიქით, გათვალა, რომ უზარმაზარი ოკეანის ტალღები მას დამატებით შანსს მისცემდა, არ დაღუპულიყო წყალში ჩახტომის დროს. ზედა გემბანიდან წყლის ზედაპირამდე 14 მეტრი იყო. ქარიშხლის ტალღას შეუძლია 6 მეტრის როგორც მომატება, ასევე დაკლება. გააჩნია, როგორ გაგიმართლებს. გაურკვეველი იყო, იქნებოდა პლუს 6 მეტრი თუ მინუს 6. მაგრამ ეს სლავას არ აშინებდა, პირიქით - ახარებდა, რადგან შეეძლო ოპტიმალური ნახტომის გათვლა.

კურილოვის აქტივებში იყო არა მხოლოდ პროფესიული მომზადება, რომელიც მან მაიერის გუნდში გაიარა. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სერიოზულად გაიტაცა იოგამ.

- ბაიკალის ტბაზე, კუნძულ ოლხონზე, სლავა დღეში 12 საათის განმავლობაში იოგას ვარჯიშობდა. მთელ თავისუფალ დროს მას უთმობდა. როცა სამსახურში ჰქონდა გადაუდებელი საქმეები, დღეში მხოლოდ 4 საათს სჯერდებოდა. 1973 წელს კი, გაქცევამდე ცოტა ხნით ადრე, სლავას ძალიან ინტენსიური ვარჯიშები ჰქონდა. იოგას დახმარებით თავის თავში შესაძლებლობების ახალი დონეები აღმოაჩინა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო ფიზიკურად ასეთი ძლიერი და გამძლე.

"ჩემი ოცნების გემები ჰორიზონტს იქით იკარგებოდნენ"

ნახტომამდე რამდენიმე წლით ადრე "ჩერნომორის" დიდება ქუხს. აკვანავტები ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობენ წყლის ქვეშ 30 მეტრის სიღრმეზე. მაიერის გუნდის კვლევები ახალ ჰორიზონტებს ხსნიან ადამიანის სხეულზე წნევის ზემოქმედების შესწავლაში. ჟაკ-ივ კუსტო საბჭოთა კოლეგებს იწვევს ერთობლივი ექსპედიციის ჩასატარებლად წყნარ ოკეანეში ტუნისის ნაპირებთან.

- ამ პროექტის გულისთვის სლავამ დაამთავრა ნავიგაციის კურსები. სამი წელი ემზადებოდა, მაგრამ ოკეანოლოგიის ინსტიტუტში ინტრიგების ხლართვა დაიწყო. თავად მაიერიც ძალიან გამოირჩეოდა სხვებისგან და მისი გუნდიც ყელზე ძვალივით ადგა ყველას. მეტისმეტად ცნობილები და დამოუკიდებლები იყვნენ. არავის სჭირდებოდა ასეთი თავისუფალი ადამიანები. ბევრს არ მოეწონა ის, რომ კუსტომ შეამჩნია და მიიწვია ისინი. შედეგად, ექსპედიციაში გაგზავნეს სხვა ადამიანი, ვინმე დერიუგინი, რომელმაც შეკრიბა თავისი ხალხი და რაღაც პატარა გემით ეწვია კუსტოს. აღშფოთებულმა ფრანგმა მკვლევარმა უკან გააბრუნა თვითმარქვია. დიდი საერთაშორისო სკანდალი იყო.

ცხადი გახდა, რომ დიდი ხნის ნანატრ ექსპედიციაში ვერასოდეს წავიდოდნენ. "წყალქვეშა სახლთან" მუშაობა შეწყდა, მაიერის მყვინთავთა ჯგუფი დაშალეს... კურილოვი, „ჩერნომორამდეც“, სამ წელიწადში ერთხელ წერდა განცხადებას საზღვარგარეთ წასვლის ნებართვის მისაღებად. მაშინ შიდა გასასვლელი ვიზის გარეშე შეუძლებელი იყო სსრკ-ს დატოვება. ყოველ ჯერზე უარს იღებდა. მიზეზი ბევრი იყო. კურილოვის მამა ომის წლებში ტყვედ ჩავარდა. თავადაც არასაიმედოდ ითვლებოდა, რადგან სწავლობდა ინგლისურს და მისდევდა იოგას - ორივე უცნაური ჰობი საბჭოთა ადამიანისთვის.

სლავა კურილოვის წიგნიდან "მარტო ოკეანეში":

"ვცხოვრობდი ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს გამუდმებით რაღაცის ეშინოდათ. შიშს ვხედავდი მათ თვალებში, პოზებში, ერთმანეთთან საუბრის მანერებში, გამუდმებით გარშემო ყურებაში („ვინმე ხომ არ გვისმენს?“) და ა.შ. ყველაზე მეტად ეს შიში დედაქალაქებში იგრძნობოდა. პროვინციებში სასოწარკვეთა და უიმედობა ნაკლებად იგრძნობოდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ქვეყანაში ბევრი ჯანმრთელი, ძლიერი მამაკაცი მუდმივ შიშს მოეცვა. ძნელი იყო მათ შორის ცხოვრება".

- ის, რომ სლავას ღვიძლი და კაპიტალისტურ ქვეყანაში ცხოვრობდა, დიდ ენთუზიაზმს არ იწვევდა „შესაბამის ორგანოებში“. „ოტტეპელის“ („დათბობის“) ხანმოკლე პერიოდის დროს ანჟელა დაქორწინდა ინდოელ სტუდენტზე, რომელიც სწავლისას გაიცნო. ჯერ ის და მისი მეუღლე გაემგზავრნენ სსრკ-სთან მეგობრულად განწყობილ ინდოეთში, მაგრამ შემდეგ გადავიდნენ კაპიტალისტურ კანადაში, - ამბობს ელენა გენდელევა-კურილოვა.

სლავა კურილოვი

დის ეს ნაბიჯი იმას ნიშნავდა, რომ შავი ზღვის იქით კურილოვის გზა ჩაკეტილი იყო. ვიზებისა და რეგისტრაციის განყოფილებაში მორიგი ვიზიტისას მან შემთხვევით ნახა თავისი პირადი საქმე, რომელზეც დარტყმული იყო ბეჭედი: „მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია უცხო ქვეყნებში წასვლა“. განაჩენი საბოლოო იყო და გადასინჯვას არ ექვემდებარებოდა. „გაუსვლელობის“ შტამპმა ჯვარი დაუსვა ყველა ოცნებას.

- სლავას კი სურდა ენახა სამყარო, თუნდაც უზარმაზარი ლამაზი პლანეტის ნაწილი. ყველა ეს სახელი - ჰონოლულუ, მადაგასკარი - ბავშვობიდან ისე ტანჯავდა, ისე იზიდავდა... და რა? ის ვერაფერს ნახავს? მიხვდა, რომ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ დაწერდა განცხადებას და ყოველ ჯერზე მიიღებდა უარს - სხვა არაფერი მოხდებოდა. ეს იყო მისთვის გარდამტეხი მომენტი. სლავა მიხვდა, რომ თუ თვითონ არ იღონებდა რამეს, არაფერი შეიცვლებოდა, რომ მისი ყველა ფერადი ოცნება დარჩებოდა ნაცრისფერ-ყავისფერი ლენინგრადის ნაცრისფერ ყოველდღიურობაში...

კურილოვს ისღა დარჩენოდა, რომ ყოველდღე ევლო ინსტიტუტში სამუშაო საათების გასაყვანად. დანარჩენი ყველაფერი ეკრძალებოდა.

- მაშინ ჩაწერა დღიურში: „ვუყურებდი, როგორ მიდიოდნენ ჩემი ოცნების გემები ერთმანეთის მიყოლებით ჰორიზონტს მიღმა“. ყველაფერი, რაც იყო საინტერესო და სასიხარულო მის ცხოვრებაში - ეს ყველაფერი გაჩერდა, დაიშალა, გატყდა და ბოქლომით ჩაიკეტა... ეს იყო ერთგვარი სერიოზული კრიზისი, ცხოვრებისეული ჩიხი. ვესაუბრე პოეტ ნიკოლაი შირიაევს, რომელიც იმ წლებში იცნობდა სლავას. მან მითხრა: „სლავა რომ დარჩენილიყო, ვერ გადარჩებოდა, უბრალოდ დაჭკნებოდა, დაიღუპებოდა“.

"იქ თითქოს ხელახლა დავიბადე"

1973 წლის 15 ნოემბერს კურილოვის ცოლმა, ჟანამ საღამოს გაზეთში თვალი მოკრა განცხადებას. ლენინგრადელებს ეპატიჟებოდნენ მოგზაურობაში ზამთრიდან ზაფხულში - ნაოსნობაში ეკვატორისკენ წყნარი ოკეანისა და ტროპიკული ზღვების გავლით.

- ტური საკრუიზო გემზე დაჯდა საოცარი თანხა - 350 მანეთი. ეს იყო მართლა უზარმაზარი თანხა, მაგრამ ჟანა ხედავდა, როგორ ახრჩობდა სლავას სიტუაცია, რომელშიც ის აღმოჩნდა. მან იშოვა ფული და გაგზავნა ქმარი ამ კრუიზში, თუმცა მანამდე პირობა ჩამოართვა, რომ არანაირ სიგიჟეს არ ჩაიდენდა, მით უმეტეს, არ გადახტებოდა ოკეანეში. ჟანა ვარაუდობდა, რომ სლავას მსგავსი რამის გაკეთება შეეძლო. ამიტომაც სთხოვა, რამე საოცრება არ გაეკეთებინა.

სლავა კურილოვის წიგნიდან "მარტო ოკეანეში":

"ლაინერი არ იყო ადაპტირებული გაქცევისთვის - კარგი, მკვიდრად ნაშენი ციხე გეგონებოდათ. მოაჯირის ხაზი გემბანიდან სწორად კი არ ეშვებოდა ქვევით, როგორც ყველა სხვა გემზეა, არამედ მრგვალდებოდა ”კასრივით” - თუ ვინმე გემიდან გადავარდებოდა, წყალში კი არა, გემის გამობერილ კორპუსზე დაეცემოდა. ყველა ილუმინატორი (მრგვალი ფანჯარა) დიამეტრის გარშემო ბრუნავდა და სარკმელს ორ ნაწილად ჰყოფდა. იმედი მქონდა, რომ მშვიდად გავძვრებოდი ერთ-ერთ მათგანში, მაგრამ ამ ნახევრად წრიულ ხვრელში მხოლოდ ერთი წლის ბავშვი თუ გაეტეოდა! გემის ორივე მხარეს წყლის ხაზის ქვემოთ მიდუღებული იყო 1,5 მეტრი სიგანის წყალქვეშა ლითონის ფრთები. გემიდან გადახტომისთვის საჭირო იყო ძლიერად გამოქანება და მერცხლის მოძრაობის გაკეთება, რათა ამ ფრთებიდან მაქსიმალურად შორს ჩამხტარიყავი წყალში. გემბანის სიმაღლე ოც მეტრს აჭარბებდა. მხოლოდ ტარზანი თუ შეძლებდა ამას.

გემის საგულდაგულო შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ გადახტომა მხოლოდ ორი ადგილიდან შეიძლებოდა: გიგანტურ პროპელერსა და ჰიდროფთების ბოლოებს შორის, სადაც წყლის ჭავლი კორპუსიდან ღია ოკეანისკენ მიემართებოდა. მთავარი გემბანის უკანა მხარეს, კიჩოზე, არ იქნებოდნენ ტურისტები - მოაჯირთან ნაგვის ურნები იდგა. აქედან წყლის ზედაპირამდე მანძილი დაახლოებით 14 მეტრი იყო. ბევრჯერ გადავმხტარვარ კლდეებიდან დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან, მაგრამ ასეთი დიდი სიმაღლიდან... თანაც ასეთი სიჩქარით...

ლაინერის კიჩოზე მდგომმა, თვალით გავზომე სიმაღლე და წუთით დავფიქრდი.

- მაღალია, - მშვიდად შენიშნა ეშმაკმა მაცდურმა, - რა თქმა უნდა, გეშინია.

მან იცოდა, როგორ ეთამაშა ჩემს სიჯიუტეზე.

- ვინ იცის, - ვუპასუხე მე და... გადავწყვიტე გადახტომა".

13 დეკემბერს, „საბჭოთა კავშირის“ გემბანიდან ოკეანეში გადახტომის შემდეგ, კურილოვი ფიქრობდა, რომ ფილიპინების უახლოეს კუნძულამდე მისაღწევად დაახლოებით 17 კმ-ის გაცურვა მოუწევდა, თუმცა მარშრუტის მშვიდად შესწავლის საშუალება მას არ ჰქონდა - რუკას მხოლოდ გაკვრით შეავლო თვალი. მანძილი თითქმის ორჯერ მეტი აღმოჩნდა, რომ არაფერი ვთქვათ დინებაზე, რომელმაც გაიტაცა. შედეგად, სამი ღამე და ორი გრძელი დღე დასჭირდა ნაპირამდე გაცურვას.

- ამ დღეებს ყოველთვის ერთად აღვნიშნავდით. ეს იყო წლის მთავარი დღეები. ხანდახან ამ დღეებს მეგობრების კამპანიაშიც ვატარებდით და ვახერხებდით სლავას დაყოლიებას, მოეთხრო, რა გადახდა თავს. უკიდებდა სიგარას, ჯდებოდა ლოტოსის პოზაში და იწყებდა მოყოლას... რამდენჯერ მომისმენია ეს ამბავი, მაგრამ ყოველ ჯერზე ყოველთვის რაღაც ახალს ვიგებდი. სლავას მშვიდი, ხრინწიანი ხმა ჰქონდა. ჩუმად, პათოსისა და აღფრთოვანების გარეშე საუბრობდა, მაგრამ შეუძლებელი იყო ყურის ერთი წამით მოწყვეტა, თუნდაც წყლის დასალევად. ჩვენც ვუსმინეთ, ხელახლა მოხიბლულებმა ამ ამბით... არასოდეს მიაჩნდა თავი გმირად. პატივმოყვარეობა სრულიად უცხო იყო მისთვის, მაგრამ მან იცოდა თავისი უნიკალური საქციელისა და გამოცდილების ფასი.

გადარჩენისთვის საჭირო იყო შიშის დაძლევა. ცნობიერების შესანარჩუნებლად საჭირო იყო მოძრაობისა და სუნთქვის რიტმის შენარჩუნება. საჭირო იყო გზის გაკვლევა ვარსკვლავებით.

სლავა კურილოვის წიგნიდან "მარტო ოკეანეში":

"ლაინერი სწრაფად შორდებოდა. დიდი შვება ვიგრძენი - ბოლოს და ბოლოს, ცოცხალმა და უვნებელმა დავაღწიე თავი საშინელ მბრუნავ პროპელერს...

ბოლოს სრულად გავაცნობიერე, რომ ოკეანეში მარტო ვიყავი, რომ არავინ დამეხმარებოდა. ნაპირამდე ცოცხლად მიღწევის თითქმის არანაირი შანსი არ მქონდა. ამ მომენტში ჩემმა გონებამ სარკასტულად შენიშნა: "სამაგიეროდ შენ ახლა სავსებით თავისუფალი ხარ! განა ეს არ გინდოდა?!"

- მერე სლავა გამოტყდა: ყველაზე მეტად იმის ეშინოდა, რომ გადარჩენისთვის ბრძოლა ისე გაიტაცებდა, რომ ვეღარ შეძლებდა ნანახის დამახსოვრებას. ეშინოდა, რომ ვერაფერს გაიხსენებდა და, შესაბამისად, ვერ გაიხარებდა იმით, რაც მის თავს ხდებოდა... სლავამ დაძლია შიში და კვლავ დაიბრუნა ჭვრეტის უნარი, სიფხიზლე და მადლიერება. ამაშია ამ ამბის უნიკალურობა. სხვაც ბევრი გადარჩენილა, მაგრამ დაბრუნებულა გატანჯული, გაუბედურებული... სლავა კი ოკეანიდან ახალ ადამად ამოვიდა. ნაპირზე გამოსული ბედნიერებისგან სირტაკის ცეკვავდა.

ადამიანი, რომელიც მეთევზეებმა იპოვეს

სამი დღის განმავლობაში გაქცეულის სხეული მანათობელი პლანქტონებით დაიფარა. ძნელი წარმოსადგენია, რა იფიქრეს მეთევზეებმა ფილიპინების კუნძულ სიარგაოს სოფელ გენერალ ლუნადან, როცა ნაპირზე მოცეკვავე მამაკაცი დაინახეს, რომელიც ბინდში მოლურჯო შუქით ანათებდა, თუმცა საკმაოდ გულითადად მიიღეს. არც საბუთები და არც ფული კურილოვს თან არ ჰქონია, ამიტომ გადაიყვანეს ციხეში, სადაც უკანონო მიგრანტებსა და მაწანწალებს ათავსებდნენ.

- თავიდან სლავა საბჭოთა ჯაშუშად მიიჩნიეს. დაკითხეს, თანაც ძალიან სერიოზულად. შემდეგ ის გადაიყვანეს ფორტ ბონიფაციოში, სადაც ციხის უფროსი გამოცდილი პოლკოვნიკი იყო. მან დაასკვნა, რომ არანაირი ჯაშუში სლავა არ იყო, რომ ის სულ სხვა ტიპის ადამიანი იყო... და ისინი დამეგობრდნენ იმდენად, რომ პოლკოვნიკს ადგილობრივ ბარებშიც კი დაჰყავდა.

მაგრამ მალე არეულობა დაიწყო ფილიპინების სხვა რაიონში. კურილოვის მფარველი გაგზავნეს აჯანყებულთა დასაშოშმინებლად, თვითონ კურილოვი კი კვლავ აღმოჩნდა უსახელო და უმისამართო ადამიანებისთვის განკუთვნილ ციხეში.

- ვინ იცის, რამდენი ხანი მოუწევდა ციხეში ყოფნა, მაგრამ მალე შესთავაზეს: „მოძებნე ნათესავები, რომლებიც გადაიხდიან ფულს და მერე ჩვენც გაგათავისუფლებთო“. საზღვარგარეთ ერთადერთი ნათესავი ჰყავდა, და ანჟელა, რომელიც სადღაც კანადაში ცხოვრობდა. კურილოვი ლამის შეეგუა ბედს, რომ ციხეში ჩალპებოდა იმ ჩინელივით, რომელიც მასთან ერთად იჯდა და არავის გამოუსყიდია პატიმრობის მრავალი წლის განმავლობაში.

კურილოვი თავისი მეგობრის, პოლკოვნიკის დაბრუნებამ გადაარჩინა. ციხის უფროსმა პატიმარი კანადის საელჩოში წაიყვანა, სადაც შეთანხმდნენ, რომ ანჟელას ძებნას დაიწყებდნენ. მართლაც დაიწყეს და საკმაოდ სწრაფადაც იპოვეს. თავდებით გათავისუფლების შემდეგ დამ აანაზღაურა კურილოვის კანადაში მგზავრობისთვის საჭირო ხარჯებიც.

სწორედ ის სერტიფიკატი

- რეისი მანილა - ტოკიო - ტორონტოზე 2 ათასი დოლარი დაჯდა, მაგრამ ბილეთების ფულის გარდა საჭირო იყო რამე დოკუმენტი. ფილიპინების ემიგრაციისა და დეპორტაციის კომისიამ მას სასაცილო სერტიფიკატი მისცა. ეს დოკუმენტი ადასტურებდა, რომ მისი მფლობელი ის რუსია, რომელიც ადგილობრივმა მეთევზეებმა იპოვეს კუნძულ სიარგაოს სანაპიროზე საბჭოთა გემიდან გადახტომის შემდეგ. ამ უცნაური დოკუმენტის პატრონი კანადის შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დიდხანს ახსოვდათ. ყოველ ჯერზე, როცა სამინისტროში უწევდა მისვლა, პოლიციელები ღიმილით ხვდებოდნენ და ერთმანეთს ახსენებდნენ, ეს ის არის, მეთევზეებმა რომ იპოვესო.

კანადაში ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო. ყველაფერს ხელს ჰკიდებდა: მუშაობდა პიცერიაში, საცხობში, საათში სამ დოლარად ასუფთავებდა გემების ფსკერს.

- შორს იყო სიმდიდრისა და კეთილდღეობისგან, მაგრამ სლავა იმის გამო არ გაქცეულა, რომ გამდიდრებულიყო. მისთვის მთავარი იყო თავისუფლება. ამიტომაც არ დაემართა დეპრესია, განსხვავებით ბევრი სხვა ადამიანისგან, რომლებმაც მოახერხეს სსრკ-სგან თავის დაღწევა. როდესაც სლავა ოკეანეში გადახტა, ეს არ ყოფილა უბრალოდ გაქცევა. უპირველეს ყოვლისა, მას სურდა საკუთარი თავის გამოცდა: შეეძლო თუ არა იმის გაკეთება, რაც არავის გაუკეთებია.

მალე კურილოვმა მოახერხა მუშაობის დაწყება თავისი სპეციალობით. მან სამსახური მიიღო კერძო კომპანიაში, რომელიც ყიდდა მყვინთავის აღჭურვილობას მთელი ამერიკის მასშტაბით.

უკანასკნელი ჩაყვინთვა და ცხოვრება სიკვდილის შემდეგ

1985 წელს BBC-იმ გადაწყვეტა გადაეღო ფილმი სსრკ-დან გაქცეულ ადამიანზე. კურილოვი ისრაელში გადაღებაზე მიიწვიეს. პროექტი საბოლოოდ არ გამოვიდა, მაგრამ მან მაინც თავდაყირა დააყენა მთავარი გმირის ცხოვრება: თელ-ავივში ის შეხვდა ჟურნალისტ ელენა გენდელევას. ზუსტად ერთი წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ბეთანიაში გეთსიმანიის ეკლესიაში იქორწინეს. კურილოვი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, იქვე მიიღო სამსახური ჰაიფის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში. ელენას იერუსალიმში სამუშაოდ დარჩენა მოუწია: სხვა არჩევანი არ იყო.

ელენა გენდელევა-კურილოვა და სლავა კურილოვი

- თავიდან ძალიან ბედნიერები ვიყავით. თავბრუდამხვევი რომანი გვქონდა, მაგრამ ორ ქალაქში მოგვიწია ცხოვრება. ვნახავდით ერთმანეთს და სულ რამდენიმე საათში დაშორება გვიწევდა ხუთი დღით. მხოლოდ სატელეფონო საუბრები. ასეთმა ცხოვრებამ ძალიან დაგვღალა. სლავას ისიც ტანჯავდა, რომ ოფისში უწევდა მუშაობა. წელიწადში მხოლოდ რამდენჯერ გადიოდნენ კრეტაზე, სიცილიაში. სულმოუთმენლად ელოდა ხოლმე ამ მოგზაურობებს, ხარობდა, რადგან ზღვასთან მარტო დარჩენის შესაძლებლობა ეძლეოდა.

1998 წლის იანვარში კურილოვმა მონაწილეობა მიიღო წყალქვეშა სამუშაოებში კინერეტის, იგივე ტიბერიადის ტბაში. ფსკერზე დაყენებული აღჭურვილობის სათევზაო ბადეებისგან გათავისუფლებისას ბადეებში გაიხლართა და მთელი ჰაერი დაეხარჯა, თუმცა მაშინ გადარჩენა შეძლო.

- სლავას ძალიან შეეშინდა. სიბნელე, ბადეები - ეს იყო მდგომარეობა, რომელიც ძალიან ჰგავდა სიკვდილს. მიხვდა, რომ სიკვდილი აფრთხილებდა მოსვლის შესახებ. მეორე დღეს კიდევ ერთი ჩაყვინთვა ჰქონდა. მანამდე ტელეფონზე ვილაპარაკეთ, ძალიან კონცენტრირებული ჩანდა და მომეჩვენა, რომ რაღაცისთვის ემზადებოდა, თითქოს კვლავ გემიდან გადახტომას აპირებდა: მაშინ წინასწარ არაფერი დაუგეგმავს, მაგრამ მზად იყო. მგონია, რომ სიკვდილთანაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდა: ის არ აპირებდა წასვლას, მაგრამ მზად იყო ამისთვის. თუმცა ძალიან კარგ, საზეიმო ხასიათზე იყო, თითქოს რაღაც უაღრესად მნიშვნელოვანისთვის ემზადებოდა. შიში კი საერთოდ არ ყოფილა... განვიხილეთ კარგი ამბები მეგობრების შესახებ და ბევრი ვიცინეთ...

29 იანვრის ჩაყვინთვა უკანასკნელი გამოდგა კურილოვისთვის. ამჯერად წლის ზედაპირზე აღარ ამოსულა. ელენამ ქმრის ცხედარი იერუსალიმში ტამპლიერთა სასაფლაოზე დაკრძალა. შემდეგ კი ჰაიფაში ჩავიდა, რათა ნივთები წაეღო ნაქირავები ბინიდან, სადაც კურილოვი ცხოვრობდა.

- ყველაფერი სუფთად ჰქონდა დალაგებული. როგორც სასტუმროში, როცა გასაღებს აბარებენ ხოლმე. მის სიკვდილს მესამე ნახტომი დავარქვი. პირველი იყო, როდესაც ოკეანეში გადახტა. მეორე - როცა ისრაელში გადასვლა გადაწყვიტა. ეს მესამე იყო, საბოლოო.

ელენას გადაეცა ჩემოდანი სავსე ხელნაწერებით, ნახაზებით, მიმოფანტული ჩანაწერებით, რომლებსაც კურილოვი აკეთებდა, როდესაც დრო გამოუჩნდებოდა. რამდენიმე წელიწადში ელენამ ეს ჩანაწერები წიგნად - „მარტო ოკეანეში“ აქცია.

როდესაც მწერალმა ვასილი აქსიონოვმა კურილოვის გარდაცვალების გარემოებები შეიტყო, აღტაცებულმა თქვა: "ბედის რა მშვენიერი მონახაზია!" მას შემდეგ 22 წელი გავიდა. დღეს კი ელენა მზადაა, დათანხმდეს, რომ ქმრის სიკვდილში არის სიუჟეტური სილამაზე, კომპოზიციური ჰარმონია.

- მან თავისი სიცოცხლე საავადმყოფოს რეანიმაციაში კი არ დაასრულა, როგორც ადამიანების უმეტესობა ასრულებს, არამედ დაასრულა კინერეტის ტკბილ წყლებში, ბიბლიურ ადგილებში, თავის მშობლიურ სტიქიაში. ხშირად ვიხსენებ მის ერთ ფრაზას ბლოკნოტიდან, რომელიც ოკეანეში გადახტომაზე დაწერა: "წარმატება იქნებოდა სიკვდილის შემთხვევაშიც". ამ ფრაზამ საოცრად იმოქმედა ჩემზე. დიდი ძალა იყო მასში და კიდევ რაღაც გზავნილი... ასე გაჩნდა წიგნი, შემდეგ ფილმი სლავაზე... სწორედ ეს არის წარმატება სიკვდილის შემდეგ.