კულება ხორბლის ექსპორტზე: არაფერია შეთანხმებული, სანამ შეთანხმებული არ არის ყველაფერი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ადასტურებს, რომ ქვეყნის პორტებიდან ხორბლის ექსპორტის მიზნით, საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით რუსეთთან მოლაპარაკებამ საგრძნობლად წინ წაიწია. ამასთან, კულებას განცხადებით, ყველაფერი, რაც უკვე შეთანხმებულია, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ჩაიშალოს.

„დიპლომატიაში ასეთი წესი არსებობს - არაფერია შეთანხმებული, სანამ შეთანხმებული არ არის ყველაფერი“, - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა 19 ივლისს, ღამით, ტელემარათონის დროს. დმიტრო კულებამ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი პასუხისმგებლობას გამოიჩენს და ხელს მოაწერს შეთანხმების პროექტში ასახულ ვალდებულებებს. მინისტრის თქმით, უკრაინისთვის მთავარია ყველა დეტალი ისე გაიწეროს, რომ ქვეყანას ზღვიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდეს.

გამოცემა Finanial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმებასთან ახლოს არიან, მაგრამ ჯერჯერობით აზრთა სხვადასხვაობაა პორტების და გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული საშუალებების საკითხში. გამოცემის თანახმად, რუსეთი იძლევა გარკვეულ გარანტიას, რომ იერიშს არ მიიტანს სატვირთო გემებზე, თუმცა, უკრაინა მოითხოვს დამატებით გარანტიებს, რომ რუსეთი მის პორტებს არ შეუტევს.

ასევე ნახეთ

უკრაინა ადასტურებს პროგრესს ხორბლის ექსპორტის მიზნით რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში

უკრაინა და რუსეთი გაეროს და თურქეთის შუამავლობით აწარმოებენ მოლაპარაკებას გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით. 13 ივლისს, სტამბოლში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ შეთანხმებულია ძირითადი ტექნიკური საკითხები, კერძოდ, ყველა მხარის მონაწილეობით, სტამბოლში შეიქმნება საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც გააკონტროლებს გემების გადაადგილებას და უზრუნველყოფს უსაფრთხო ნაოსნობას.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს შავ ზღვაში დაბლოკილი აქვს ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. სხვადასხვა მონაცემით, უკრაინის შავი ზღვის პორტებში გაჩერებულია 20-25 მილიონი ტონა ხორბალი. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მკვეთრად შემცირება განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.