გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუსეთის "ახალი პროპაგანდა" უწოდა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას უკრაინაში „სპეცოპერაციის გეოგრაფიული ამოცანების გაფართოების“ შესახებ.
ბერბოკმა გერმანულ მაუწყებელს, DW-ს უთხრა, რომ რუსეთი ყოველ ჯერზე იყენებს "ახალ არგუმენტებს“ და ახლა ირწმუნება, რომ ეს უკავშირდება დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას, თუმცა, რუსეთი მანამდეც უტევდა კიევს და უკრაინის სხვა ტერიტორიებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინა სამხედრო დახმარებას იღებს ნატოს წევრი სახელმწიფოების საერთო ძალისხმევით.
ასევე ნახეთ
ლავროვი "სპეცოპერაციის" გეოგრაფიის გაფართოებით იმუქრება20 ივლისს, კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების Russia Today-ს მთავარ რედაქტორთან, მარგარიტა სიმონიანთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებას, „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიული ამოცანები ისევ შეიცვლება და დღევანდელ ხაზს გასცდება. ლავროვის თქმით, ამჟამად „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიაა არა მხოლოდ დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკები“, არამედ ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები და ზოგიერთი სხვა ტერიტორიაც.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება, რომ უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობაზე ოცნებობენ, ადასტურებს, რომ რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე და ფოკუსირებულია ომსა და ტერორზე.
20 ივლისს, დმიტრო კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ "რუსებს სურთ სისხლი და არა მოლაპარაკება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა პარტნიორს მოუწოდა, გააძლიერონ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები და დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში არაფერი იყო ისეთი, რაც აქამდე არ იცოდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის თქმით, აშშ-ს ბოლო თვეებში არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთის მიზანი მხოლოდ დონბასი არ არის და თეთრმა სახლმა 19 ივლისსაც განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის ანექსიისთვის. პრაისის თანახმად, აშშ არ დაუშვებს, რომ რუსეთის ეს ქმედება დაუსჯელი დარჩეს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
ასევე ნახეთ
თეთრი სახლი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის ანექსიისათვის ემზადებარუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის მარტიდან რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებიც, სადაც კრემლის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციები ამზადებენ "რეფერენდუმებს" ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესასვლელად.