რუსულ არმიაზე "ფეიკების" გამო ბრალდებული რუსი დეპუტატი აცხადებს, რომ თბილისშია

2022 წლის 16 მარტს, ჰელგა პიროგოვა უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად, ნოვოსიბირსკის საქალაქო საბჭოში მივიდა ტრადიციული უკრაინული სამოსით და გვირგვინით

ნოვოსიბირსკის საქალაქო საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი ჰელგა პიროგოვა, რომელმაც მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ რუსეთი დატოვა, ამჟამად თბილისში იმყოფება. ამის შესახებ დღეს, 25 ივლისს გამოცემა „მედიაზონა“ წერს, თავად პიროგოვაზე დაყრდნობით. ჰელგა პიროგოვა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში დღეს უნდა დაეკითხათ. სახელმწიფო სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, თუ დეპუტატი დაკითხვაზე არ მივა, ძებნილად გამოაცხადებენ.

ჰელგა პიროგოვას რუსულ არმიაზე „ფეიკების“ გავრცელების გამო საქმე აღუძრეს სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოქვეყნებული პოსტისთვის, რომელიც ეხებოდა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპულ რუს მოხალისეებს. პიროგოვა სამართალდამცავ უწყებებში დაასმინა ნოვოსიბირსკის ოლქის საკანონმდებლო კრების დეპუტატმა, პარტია „ედინაია როსია“-ს წევრმა, ანდრეი პარფიონოვმა და საქმის აღძვრა მოითხოვა. დამოუკიდებელი კანდიდატი ჰელგა პიროგოვა ნოვოსიბირსკის საქალაქო საბჭოში 2020 წელს აირჩიეს. მას მხარს უჭერდნენ ოპოზიციური კოალიცია და ალექსეი ნავალნის პროექტი „ჭკვიანი კენჭისყრა".

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთში დაჩქარებული წესით მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, რუსეთის არმიის ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელება 3-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება. კრემლი "ფეიკად" აცხადებს ყველაფერს, რაც არ შეესაბამება "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შესახებ ოფიციალურად გავრცელებულ ცნობებს.