უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ხერსონის ხიდის მდგომარეობის ამსახველი ვიდეო

უკრაინის არმია 19 ივლისიდან, პერიოდულად უტევს რუსეთის სამხედრო ძალებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხიდს, რომელიც ქალაქ ხერსონს აკავშირებს ხერსონის ოლქის რაიონებთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი ინფორმაციით, ასახავს ხერსონში, მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვკის საავტომობილო ხიდის მძიმე მდგომარეობას წუხანდელი დარტყმის შემდეგ.

ხერსონის ოლქს ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ. „ახლა გაქცევა შეიძლება მხოლოდ ფეხით, ან წყლით. წარმატებას გისურვებთ!“ - წერს ტელეგრამ-არხზე უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო.

ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კირილ სტრემოუსოვმა დაადასტურა, რომ წუხელ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანტონოვკის ხიდზე იერიში მიიტანეს. სტრემოუსოვის თანახმად, არის დაზიანებები, თუმცა, ხიდი არ დანგრეულა.

უკრაინის არმია მეორე კვირაა ამერიკული სარაკეტო სისტემის HIMARS-ის გამოყენებით, პერიოდულად უტევს საავტომობილო ხიდს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქალაქ ხერსონსა და ოლქის დასავლეთ რაიონებში მყოფი რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მომარაგებისთვის.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ არმიის სარდლობას დაავალა სამხრეთ რეგიონების გათავისუფლების გეგმის შემუშავება

რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონის ოლქს მარტიდან აკონტროლებენ. მათ პოზიციებზე კონტრშეტევა უკრაინის არმიამ რამდენიმე კვირაა დაიწყო. ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების და ხერსონის ოლქის გარდა, რუსეთი აკონტროლებს უკრაინის კიდევ ერთ რეგიონს - ზაპოროჟიეს. კრემლს დონეცკი და ლუგანსკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" ჰყავს გამოცხადებული, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში დანიშნული დე ფაქტო ადმინისტრაციები კი, ამ შემოდგომაზე გეგმავენ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას უკრაინის ამ ორი რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე.