დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, როგორც ჩანს, პლაცდარმი შექმნეს მდინარე ინგულეცის სამხრეთით, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის ჩრდილოეთ საზღვარს ქმნის.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით დღეს, 28 ივლისს წერს, რომ ხერსონზე უკრაინის არმიის კონტრშეტევა ძალას იკრებს. უკრაინელმა სამხედროებმა შორ მანძილზე მოქმედების არტილერიით დააზიანეს მდინარე დნეპრზე არსებული სულ მცრე სამი ხიდი, რომლებსაც რუსეთი იყენებს მის მიერ კონტროლირებული რაიონების მომარაგებისთვის. მათ შორისაა 1000 მეტრის სიგრძის ანტონოვკის საავტომობილი ხიდი, რომელიც გამოსაყენებლად უვარგისი გახდა.
ასევე ნახეთ უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ხერსონის ხიდის მდგომარეობის ამსახველი ვიდეობრიტანული სამხედრო დაზვერვის ცნობითვე, მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე დისლოცირებული რუსეთის 49-ე არმია ამჟამად საკმაოდ დაუცველად გამოიყურება, რუსეთისთვის პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი ხერსონი კი, ფაქტობრივად, მოწყვეტილია სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ხერსონის დაკარგვა სეროზულად შეარყევს რუსეთის მცდელობებს, ოკუპაცია წარმატებად გაასაღოს.
რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონის ოლქს მარტიდან აკონტროლებენ. მათ პოზიციებზე კონტრშეტევა უკრაინის არმიამ რამდენიმე კვირაა დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ისგან მიიღო სარაკეტო სისტემები(HIMARS).
ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების და ხერსონის ოლქის გარდა, რუსეთი აკონტროლებს უკრაინის კიდევ ერთ რეგიონს - ზაპოროჟიეს. კრემლს დონეცკი და ლუგანსკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" ჰყავს გამოცხადებული, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში დანიშნული დე ფაქტო ადმინისტრაციები კი, ამ შემოდგომაზე გეგმავენ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას უკრაინის ამ ორი რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ არმიის სარდლობას დაავალა სამხრეთ რეგიონების გათავისუფლების გეგმის შემუშავება