ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის გაიტანოს მილიონობით ტონა მარცვლეული - გაეროსა და თურქეთისგან ნიშანს ელის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩერნომორსკის სავაჭრო ნავსადგურში, 29 ივლისი, 2022 წელი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა დაიწყოს ქვეყნის სამხრეთის ნავსადგურებში დაგროვილი მილიონობით ტონა მარცვლეულის გადაზიდვა და ელოდება ოპერაციის დაწყების ნიშანს თურქეთიდან და გაეროსგან, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ ზედამხედველობა გაუწიონ მიწოდებას.

"ჩვენი მხარე სრულად არის მზად. ჩვენ ყველა სიგნალი გავუგზავნეთ პარტნიორებს - გაერო-ს და თურქეთს და ჩვენი სამხედროები უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ," - მოჰყავს ზელენსკის ოფისს პრეზიდენტის 29 ივლისის განცხადება და აღნიშნავს, რომ ის პირადად ეწვია ერთ-ერთ პორტს, ჩერნომორსკს. სიტუაციის შესაფასებლად. "ინფრასტრუქტურის მინისტრი პირდაპირ კავშირშია თურქულ მხარესთან და გაეროსთან. ველოდებით მათგან სიგნალს, რომ შეგვიძლია დავიწყოთ... ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა დარჩეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გარანტი", - დასძინა მან.

22 ივლისს კიევმა და მოსკოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც დაბლოკილი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთი მეზობელ ქვეყანაში თებერვლის ბოლოს შეიჭრა.

შეთანხმებით გაიხსნა გზა მილიონობით ტონა მარცვლეულისა და სასუქის გადაზიდვისთვის, რადგან მსოფლიოს ბევრი რეგიონი დიდი სასურსათო კრიზისის ზღვარზეა.

გაერომ და თურქეთმა, ნატოს წევრმა და რუსეთისა და უკრაინის საზღვაო მეზობელმა შავ ზღვაში, უნდა აკონტროლონ ოპერაციები სტამბოლში შექმნილი ერთობლივი სამეთაურო ცენტრის მეშვეობით. ამ კვირის დასაწყისში თურქმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ცენტრი მზადაა მუშაობისთვის.

უკრაინა და რუსეთი მარცვლეულის ორი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში.