გუდაურში დაღუპული პილოტების, მაშველებისა და ექიმების ოჯახებს 100-100 ათასი გადაეცემათ

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო დაღუპული პილოტების, მაშველებისა და ექიმების ოჯახებს სახელმწიფო 100-100 ათას ლარს გამოყოფს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ასევე ნახეთ

ცნობილია, ვინ ისხდა იმ ვერტმფრენში, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა

"ჩვენ დავკარგაეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე, გამოჩენილი მფრინავები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წლებია ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ საზოგადოებას... ასევე, დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ყველას გული დაგვწყვიტა.​ სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება თითოეულ ოჯახს.

თითოეულ ოჯახს სამინისტრო [შსს] გამოუყოფს 100 ათას ლარს, ასევე, გამონაკლისის სახით, თითოეული ექიმისთვის ჯანდაცვის სამინისტრო გამოყოფს 100 ათას ლარს", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან ომში დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს 100 ათასი ლარი გადეცემათ. მსგავსი კანონი არ ვრცელდება ექიმებზე.

ასევე ნახეთ

შსს გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენსა და ეკიპაჟის წევრებზე ინფორმაციას ავრცელებს

29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით თქვა, რომ გარდაიცვალა სამაშველო ოპერაციაში ჩართული, ვერტმფრენში მჯდარი ყველა ადამიანი და ტურისტი.

"სამწუხაროდ, რვა ადამიანია გარდაცვლილი, ერთი ადამიანია დაშავებული. უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. დაშავებული ვინც იყო, ის ამოიყვანეს, ცოცხალია, გადაჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს", - თქვა მინისტრმა.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის) იძიებს.