კრემლის განცხადებით 5 აგვისტოს პუტინი და ერდოანი ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი 5 აგვისტოს სოჭში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო პოლიტიკისა და ორმხრივ თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუს ჟურნალისტებს სამშაბათს განუცხადა.

"ეს არის ეკონომიკა, რეგიონული პრობლემების განხილვა, ეს არის სირია, ეს არის უკრაინა. შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის მექანიზმი, და ასევე [ლიდერები] გაცვლიან მოსაზრებებს მსოფლიო საქმეების გარშემო", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

პუტინსა და ერდოანს შორის უკანასკნელი შეხვედრა 19 ივლისს თეირანში შედგა.

რუსეთის პრეზიდენტი ირანში შეხვდა ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისის და ქვეყნის უზენაეს ხელმძღვანელ ალი ხამენეის.

პუტინის ვიზიტი შედგა მოლაპარაკებების ასტანის ფორმატის ფარგლებში, რომლის მიზანია სირიაში ვითარების დარეგულირება. რუსეთი და ირანი მხარს უჭერენ სირიის ავტორიტარ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, თურქეთი - შეიარაღებულ ოპოზიციას ქვეყნის ჩრდილოეთში. მაგრამ მოლაპარაკების კიდევ ერთი თემა იყო უკრაინაში ომი.