აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უარყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში გაანადგურეს 6 ამერიკული სარაკეტო სისტემა. სერგეი შოიგუს განცხადებას აშკარა ტყუილი უწოდა პენტაგონის წარმომადგენელმა ტოდ ბრესეილმა. მისი თქმით, უკრაინელები დიდი სიზუსტით და ეფექტურად იყენებენ ყველა სარაკეტო სისტემას, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა გადასცეს რუსეთის სასტიკი და დანაშაულებრივი შეჭრისგან თავის დასაცავად.
2 აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ე.წ. სელექტორულ თათბირზე განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციისას“ გაანადგურეს ამერიკული სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის 6 გამშვები დანადგარი და 200-ზე მეტი რაკეტა. შოიგუს განცხადება უარყო უკრაინის არმიის სარდლობამ.
ასევე ნახეთ
უკრაინა აშშ-ისგან მიიღებს კიდევ 550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებასაშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინას მიღებული აქვს 16 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა(HIMARS). უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული სარაკეტო სისტემების გამოყენებით, ივლისიდან კონტრშეტევები დაიწყეს ქვეყნის სამხრეთშიც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, 6 ამერიკული სარაკეტო სისტემის განადგურების შესახებ, რუსი სამხედროების დამშვიდების მცდელობად აფასებს. ცენტრის ექსპერტების თანახმად, უკრაინელების მიერ ამერიკული სისტემების ეფექტურად გამოყენება რუს სამხედროებში შეშფოთებას და დემორალიზებას იწვევს.