დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

ფოტო არქივიდან: ცხინვალი

აგვისტოს ომის მე-14 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის ღონისძიებების დროს მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალი 7-დან 9 აგვისტომდე გადადის საგანგებო რეჟიმზე. ამის შესახებ იუწყება დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

„გეგმის მიხედვით, ხსოვნის ღონისძიებების ჩატარების ყველა ადგილს რესპუბლიკის სამართალდამცავი სტრუქტურების გამნაღმველები და კინოლოგები სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობისა და გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით შეისწავლიან. გაძლიერდება ყველა სტაციონარული საგუშაგო. 7 აგვისტოს, დილით, საგზაო პოლიციის თანამშრომლები გადაკეტავენ საკათედრო მოედანს. 7 აგვისტოს საღამოს 18:30 საათიდან გადაიკეტება სტალინი-ხეთაგუროვის, ტუგანოვ-ხეთაგუროვის, ტუგანოვ-კიმას და ტუგანოვ-ჯავის ქუჩების კვეთა, სამგლოვიარო ცერემონიასთან დაკავშირებით, მემორიალურ კომპლექს „სამხრეთ ოსეთის დამცველებთან”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცხინვალში გზები 8 აგვისტოსაც იქნება გადაკეტილი. 8 აგვისტოს, დილის 10 საათიდან, პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას, ასევე, სამთავრობო დელეგაციის შეუფერხებლად გადაადგილებას დაღუპულთა მემორიალისკენ.

ასევე ნახეთ

EU-ს წარმომადგენლობა: ვგმობთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ძალების ყოფნას

14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.