შვეიცარია მზადაა, რუსეთში უკრაინის დიპლომატიური ინტერესები წარმოადგინოს

შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი

შვეიცარია და უკრაინა შეთანხმდნენ შესაძლებლობაზე, რუსეთში უკრაინის ინტერესები შვეიცარიის დიპლომატიური მისიის მეშვეობით განხორციელდეს, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მიკელ შტაინერმა განაცხადა. თუ წინადადებას მოსკოვიც გაიზიარებს, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში ვიზების აღება შვეიცარიის საელჩოებსა და საკონსულოებში შეეძლებათ. უკრაინელი დიპლომატები კი, შვეიცარიის შუამავლობით, რუსეთში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარებას შეძლებენ.

შვეიცარია ასევე მზადაა, უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მასპინძელი ქვეყანა გახდეს.

უკრაინა-შვეიცარიის ერთობლივი ინიციატივის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვეიცარიასთან ამ საკითხზე კონტაქტი არ აქვს. უწყებამ დაამატა, რომ არაა მზად იმ ქვეყნების შუამავლობის საკითხი განიხილოს, რომლებიც მის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არიან მიერთებული.

„მიგვაჩნია, რომ მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ნეიტრალიტეტი გაუფასურებულია, რადგან კონფედერაციამ ევროკავშირის არალეგიტიმური ანტირუსული შეზღუდვების შვიდივე პაკეტი მიიღო, ფაქტობრივად, კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე გახდა“, - ციტირებს გამოცემა „კომერსანტი“ სამინისტროს განცხადებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, საკონსულო დახმარება ასობით ათას იმ უკრაინელს ესაჭიროება, რომლებიც რუსეთში გადაიყვანეს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2021 წლის ბოლოს განაცხადა, რომ ქვეყანაში უკრაინის 3 მლნ მოქალაქე ცხოვრობს. ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთი უკრაინის დაახლოებით 1.5 მლნ მოქალაქემ დატოვა.

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული შეჭრის შემდეგ გაწყვიტა.

1 ივლისს უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. უცნობია, რომელმა დიპლომატიურმა ორგანოებმა უნდა გასცენ ვიზა ან გასწიონ საკონსულო მომსახურება.

უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების გადაყვანას ძალადობად აფასებს და დეპორტაციასთან აიგივებს.