ცხინვალის კინოცენტრის დარბაზში, უკრაინაში მებრძოლი რუსეთის სამხედრო ძალების მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. მასში ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, მონაწილეობდნენ მომღერლები ჩრდილოეთ ოსეთიდან.
სცენიდან ისმოდა დონბასში მებრძოლების გასამხნევებელი სიტყვები. მომღერლები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეებს შინ ჯანმრთელად დაბრუნებას უსურვებდნენ.
საქველმოქმედო კონცერტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევიც ესწრებოდა. მან კონცერტის ორგანიზატორებს იდეისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უკრაინაში მებრძოლებისთვის ახლა ნებისმიერი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
ღონისძიების ინიციატორი ცხინვალელი მომღერალი ალბერტ ლალიევი იყო. მან უკრაინაში დაღუპული მეგობრის, რადისლავ ხუგაევისადმი მიძღვნილი ახალი სიმღერა შეასრულა.
კონცერტის ბილეთების გაყიდვიდან შეგროვილი თანხა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მოხმარდება.
უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების მხარდასაჭერად, 12 აგვისტოს კონცერტია დაგეგმილი ვლადიკავკაზშიც.
ბოლო მონაცემებით, უკრაინის ომში ჩრდილოეთ ოსეთის 108 მკვიდრი დაიღუპა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან კი - 17.