ანტისაოკუპაციო სტიკერების "თეთრ ხიდზე" გაკვრისთვის, აქტივისტების დაჯარიმებას ითხოვს ქუთაისის მერია

თორნიკე ბარათაშვილი "თეთრი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე აკრავს პლაკატებს

ქუთაისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური 7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე​ ანტისაოკუპაციო სტიკერების "თეთრ ხიდზე" გაკვრის გამო არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებლების, თორნიკე ბარათაშვილისა და გია გოქაძის დაჯარიმებას ითხოვს. მუნიციპალიტეტს მიაჩნია, რომ "ENEMIES ARE NOT WELCOM" ("მტრებს არ ვიღებთ") სტიკერების ელექტრობოძებსა და ტურისტულ საინფორმაციო დაფაზე წარწერების გაკვრით კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ქალაქის იერსახე დამახინჯდა.

ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის პროცესი

მერიის ინსპექციამ სამართალდარღვევათა ოქმი სტიკერების გაკვრის მეორე დღეს, 8 აგვისტოს შეადგინა. მერიამ ოქმს დაურთო თავად აქტივისტების გადაღებული ფოტომასალა და თქვა, რომ დაირღვა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 150-ე მუხლის ის ნაწილი, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში სხვადასხვა შინაარსის წარწერების გაკვრა აკრძალულია.

მერია სასამართლოსგან ითხოვს, თორნიკე ბარათაშვილსა და გია გოქაძეს 1000-1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისროთ. მერიის შედგენილი ოქმი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს, 13 აგვისტოს ჩაბარდათ.

ქუთაისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის გამოწერილი საჯარიმო ქვითარი

ბარათაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მერია ამით ცდილობს შეზღუდოს მათი გამოხატვის თავისუფლება, რადგან მათთვის მიუღებელია ანტისაოკუპაციო შინაარსის პლაკატები. ის ამბობს, რომ ფურცლები გააკრეს ვანდალურად დაზიანებულ ბოძებზე და შეუძლებელი იყო დამახინჯებულიყო ქალაქის იერსახე.

"ჩვენი დაჯარიმება "ქართული ოცნების" კოლაბორაციონისტული პოლიტიკის მორიგი გამოვლინებაა. ზონაში, სადაც კედლები გადაჭრელებულია სხვადასხვა შინაარსის სტიკერებით, სადაც ვანდალიზმის ფაქტები არაერთია, 1000-ლარიანი ჯარიმებით მხოლოდ იმიტომ "დაგვასაჩუქრეს", რომ 7 აგვისტოს ანტისაოკუპაციო სტიკერები გავავრცელეთ.

ქვეყნის მართვის ივანიშვილისეული სტრატეგია ითხოვს, ყველაფერი ანტირუსული ისჯებოდეს. ეს მოხდა ჩვენს შემთხვევაში, რაც გაფრთხილებაა სხვისთვისაც“, - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.

მუნიციპალურ ინსპექციაში ამ საკითხის შესახებ კომენტარზე უარს იმ მიზეზით ამბობენ, რომ დღეს შაბათია - დასვენების დღე.

"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებს იერსახის დამახინჯებისთვის მერიამ 2019 წელსაც 500-ლარიიანი საჯარიმო ქვითარი ქალაქის ისტორიული "თეთრი ხიდის" დაზიანებულ მინაზე მაფრთხილებელი სტიკერების დაკვრისთვის გამოუწერა. სამი წლის წინ საქალაქო სასამართლომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის ეს ოქმი ბათილად ცნო და იგი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნია.