მონტენეგროში გლოვა გამოცხადდა მასობრივი ხოცვის შემდეგ

Montenegro Shooting

მონტენეგროს მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოაცხადა ქალაქ ცეტინიეში სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. 12 აგვისტოს სროლას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამდღიანი გლოვა, რომელიც 15 აგვისტომდე გაგრძელდება, გამოცხადდა 13 აგვისტოს, როცა ცნობილი გახდა ინციდენტთან დაკავშირებული ახალი დეტალები.

დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. დაჭრილია ექვსი ადამიანი, ისინი ჯერაც საავადმყოფოში იმყოფებიან. სამი მათგანის ჭრილობები მძიმეა.

პოლიციის დირექტორმა ზორან ბრდანინმა თქვა, რომ ჯერაც არ არის ნათელი, რა იყო თავდასხმის მოტივი, რომელიც ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:30-ზე დაიწყო, როცა ცეტინიეს 34 წლის მკვიდრმა ვ.ბ.-მ სანადირო თოფი ესროლა მის სახლში მცხოვრები მდგმურების ოჯახს. პირველი მსხვერპლი იყვნენ 8 და 11 წლის ბავშვები და მათი დედა. ამის შემდეგ შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში გავიდა, კარდაკარ დაიარა და იმავე იარაღის გამოყენებით ესროლა ხალხს. მან კიდევ შვიდი ადამიანი მოკლა და ექვსი დაჭრა, სანამ თავად მასაც მოკლავდნენ, განაცხადა ბრდანინმა. სროლის დროს სერიოზულად დაიჭრა ერთ-ერთი პოლიციელი, დასძინა მან.