რუსეთის ხელში მყოფმა ყირიმის უზენაესმა სასამართლომ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს განაჩენი შეუმსუბუქა

ვლადისლავ ესიპენკოს მეუღლე კატერინა ესიპენკო პლაკატით ხელში უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან. 2021 წლის 7 ივლისი

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მოსკოვის კონტროლის ქვეშ მყოფმა უზენაესმა სასამართლომ რადიო თავისუფლების შტატგარეშე კორესპონდენტს, ვლადისლავ ესიპენკოს, თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით, ხუთ წლამდე შეუმცირა.

ესიპენკოს მეუღლემ, კატერინა ესიპენკომ, 18 აგვისტოს რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მისი ქმრის 110 000 რუბლით (1810 დოლარი) დაჯარიმების შესახებ ძალაში რჩება.

"ჩვენ გავაგრძელებთ განაჩენის გასაჩივრებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ახლა ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ნახევარ წელიწადში შეგვიძლია მოვითხოვოთ ვადამდელი გათავისუფლება. თუ განაჩენი დარჩება ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა, ვადამდელი გათავისუფლების დრო დადგება ერთ წელიწადში", - თქვა კატერინა ესიპენკომ და დასძინა, რომ მისი ქმარი სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა და კარგად გამოიყურებოდა.

ესიპენკო, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რადიო თავისუფლების Crimea.Realities პროექტში იღებდა მონაწილეობას. მას განაჩენი თებერვალში გამოუტანეს ყირიმში, დახურულ სასამართლო პროცესზე.

ვლადისლავ ესიპენკო 2021 წლის მარტში დააკავეს ყირიმში უკრაინის დაზვერვისთვის ინფორმაციის სავარაუდო შეგროვების ბრალდებით. დაპატიმრებამდე ის ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა ყირიმში და აშუქებდა სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს ნახევარკუნძულზე.

სასამართლოს სხდომაზე ჩვენების მიცემისას ესიპენკომ თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას "სურს დისკრედიტაცია მოახდინოს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მუშაობისა, რომლებსაც ნამდვილად სურთ აჩვენონ ის, რაც სინამდვილეში ხდება ყირიმში".

რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ სასამართლოს გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების "პაროდია" უწოდა.

პრესის თავისუფლების დამცველები, მათ შორის ჟურნალისტებისა და რეპორტიორების დაცვის კომიტეტი, ასევე „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად არიან მათ შორის, ვინც მოითხოვა ესიპენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლება დანაშაულის მტკიცებულებების არარსებობის გამო.

მაისში ესიპენკოს მიენიჭა აშშ-ის „PEN/Barbey Freedom to Write-ის“ პრემია, რომელიც გაიცემა პოლიტპატიმარ მწერლებზე.

მოსკოვმა 2014 წლის დასაწყისში მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია.