რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, რომ აღშფოთებულია საზოგადოების ნაწილის რეაქციით, რომელიც არაფრად აგდებს რუსი ფილოსოფოსისა და პროპაგანდისტის, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობას.
„ალექსანდრ გელევიჩ, თქვენი ტრაგედია მილიონების ტკივილად იქცა. მერწმუნეთ, ხალხი მთელ მსოფლიოში ისე განიცდის თქვენს ტრაგედიას, როგორც საკუთარს. იმიტომ რომ ადამიანები არიან. ქირქილებენ მხოლოდ არაადამიანები“, - წერს მარია ზახაროვა თავის ტელეგრამ-არხზე, სადაც ასევე იხსენებს იმას, თუ როგორ შეიტყო დარია დუგინას მამის ავტომობილში აფეთქების ამბავი:
„ღამის ორ საათზე გამეღვიძა. Არ ვიცი, რატომ, მაგრამ მექანიკურად ტელეფონი შევამოწმე. წავიკითხე ეს ამბები. ვნახე კადრები, რომლებშიც ალექსანდრ დუგინი უყურებდა აალებულ მანქანას, რომელშიც მისი ქალიშვილი იჯდა. განსხვავებული ტრაგედიები იყო, მაგრამ ამან მთავარი გამახსენა: „მამაო! მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რას იქმან“ (ლუკა 23:34). რა ძალიან მინდა ვიკითხო: "როგორ არ იციან?". მაგრამ უფალი გაარკვევს“.
რუსი დიპლომატი მიწიერი და ზეციური სასამართლოთიც იმუქრება, თანაც ემუქრება არა მხოლოდ მკვლელობის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებს, არამედ იმათაც, ვინც სოციალურ ქსელებში ნიშნის მოგებით წერს ალექსანდრ დუგინსა და მის ქალიშვილზე.
„არის მიწიერი სასამართლო და ის შედგება, დარწმუნებული ვარ. არის ზეციური სამართალი და ისიც იქნება, ვიცი. შეუძლებელია ერთის ან მეორის წინასწარმეტყველება, მაგრამ აუცილებელია ამ ინფორმაციულ ძალადობაზე არსებული სამართლებრივი ნორმების გავრცელების გზების მოძებნა. ეს არ სჭირდება ალექსანდრ დუგინს. ეს სჭირდება კაცობრიობას, რათა არ გადაუხვიოს სინათლისკენ მიმავალი გზიდან უფსკრულისკენ. არსებობს კანონები და მათი გამოყენების დროა“, - წერს მარია ზახაროვა.
კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დაიღუპა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, რომელსაც ის მართავდა, იტყობინება რუსული მედია.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოჰყავს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადება, რომ მანქანაში, რომელსაც 30 წლის დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. „გამომძიებლების ინფორმაციით, 20 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოდინცოვოს რაიონში, სოფელ ბოლშიე ვიაზემის მახლობლად, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სავარაუდოდ იყო დამონტაჟებული Toyota Land Cruiser-ში [სატრანსპორტო საშუალებაში], ამოქმედდა გზაზე და მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი ქალი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა და ის იყო ჟურნალისტი და პოლიტოლოგი დარია დუგინა“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში ტელეგრამის არხზე.