სომხეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა სამაშველო სამუშაოები ერევნის ცენტრში მდებარე სურმალუს ბაზარზე, რომელიც ათი დღის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაინგრა. ჯერაც ვერ მოხერხდა უგზო-უკვლოდ დაკარგული უკანასკნელი ადამიანის პოვნა. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს პრესსპიკერმა აიკ კოსტანიანმა 24 აგვისტოს განაცხადა, რომ ვანიკ ამირხანიანის პოვნის ყოველგვარი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა შენობაში, სადაც ფეიერვერკები და სხვა სახის პიროტექნიკა ინახებოდა.
აფეთქების შემდეგ პირველ ორ დღეს მაშველებმა მოახერხეს ნანგრევებიდან 10 ადამიანის გადარჩენა და 16 დაღუპულის გვამების ამოტანა.
ხელისუფლებამ აფეთქების მიზეზის გამოძიება დაიწყო. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აფეთქების ადგილას ტემპერატურა ცელსიუსით 1000 გრადუსს აღემატებოდა, რის გამოც ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ნაცრად იქცა. როგორც იტყობინებიან, ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა.