ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო რუსეთის ნებისმიერი მცდელობა, სამხედრო ტრიბუნალი მოუწყოს უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში დატყვევებულ სამხედროებს და დაგეგმილ პროცესს უკანონო უწოდა.
„დაგეგმილი საჩვენებელი პროცესი უკანონოა და მართლმსაჯულების დაცინვაა. ჩვენ ვგმობთ მას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებაში.
„კრემლი ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას აგრესიულ ომზე და ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში რუსეთის ჯარების მიერ თებერვლის შეჭრის შემდეგ ჩადენილი სისასტიკისგან“, - ამბობს პრაისი.
ასევე ნახეთ რკინის გალია მარიუპოლის ფილარმონიაში და 80 საქმე - რუსეთი "აზოვს" ტრიბუნალს უმზადებს„უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის, შეიარღებული ძალებში მყოფ უცხოელ მოხალისეებს, მძევლად აყვანის შემთხვევაში სამხედრო ტყვეების სტატუსის მინიჭების უფლება აქვთ და ჟენევის კონვენციის საფუძველზე მათ ამ სტატუსის შესაბამისად უნდა მოეპყრონ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
განცხადებაში მოწოდებაა მოსკოვისადმი, დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებები. მსგავსი შეშფოთება გამოხატა გაერომაც.
„საერთაშორისო სამართლით, სამხედრო ტყვის სტატუსის მქონე პირებს კომბატანტის იმუნიტეტი აქვთ და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და შეიარაღებულ კონფლიქტში მართლზომიერი მოქმედებებისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ“, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, რავინა შამდასანიმ.
კიევმა საერთაშორისო უფლებადამცავ ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის გეგმების შესახებ, გაასამართლოს მარიუპოლში „აზოვის“ პოლკის დატყვევებული ჯარისკაცები.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასეთი სასამართლო პროცესის გამართვის შემთხვევაში კიევი მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.