მაკრონი ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ: „ბურთი ახლა ირანის მოედანზეა“

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ახლა ირანზეა დამოკიდებული, აღდგება თუ არა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება.

ალჟირში გამგზავრების წინ, 26 აგვისტოს, მაკრონმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უარი თქვა განეხილა შეთანხმების მიღწევის შანსები, მაგრამ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე დათანხმება „უკეთესია, ვიდრე არავითარი შეთანხმება“. "ახლა ბურთი ირანის მოედანზეა", - თქვა მან.

ივლისში ევროკავშირმა შეთანხმების განახლების პირობების, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ირანისთვის სანქციების გაუქმების შესახებ შეთავაზებული ტექსტი გაუგზავნა თეირანსა და ვაშინგტონს, რომელსაც ირანმა პასუხი კომენტარებით გასულ კვირაში გასცა.

ვაშინგტონმა ამ კომენტარებს ორი დღის წინ უპასუხა ოფიციალურად, ირანმა კი თქვა, რომ პასუხებს შეისწავლის. ვაშინგტონის განცხადებით, მას ამხნევებს ის, რომ, როგორც ჩანს, ირანი უარს ამბობს თავის ზოგიერთ მოთხოვნაზე, მაგალითად, როგორიცაა, "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღება, მაგრამ დასძინა, რომ არის მოუგვარებელი საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს.

ირანმა აშშ-სთან, ბრიტანეთთან, გერმანიას, საფრანგეთს, რუსეთსა და ჩინეთთან 2015 წელს მიაღწია ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმას. ეს შეთანხმება ითვალისწინებდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, გაეროს ინსპექტორების მეთვალყურეობით ურანის გამდიდრების შემცირებას და ამის სანაცვლოდ მისთვის ადრე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას. 2018 წელს აშშ-მა დატოვა შეთანხმება და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ირანმა საპასუხოდ ეტაპობრივად განაახლა ურანის გამდიდრება.