მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას პასუხობს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებაზე და ამბობს, რომ ამისათვის სთავაზობს გამოსავალს. დღეს, 30 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბარში ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ ცალკე ექსპერტიზის ჩატარება მხოლოდ საქმის გაჭიანურებას ემსახურება.
"ბატონ რატის, როგორც იურისტს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის ტერმინი – "გაჭიანურება". ეს ამჟამად ემსახურება მხოლოდ გაჭიანურებას, ამიტომ, იმისათვის, რომ ამას არ ჰქონდეს ადგილი, იქეთ ვთავაზობთ გამოსავალს. ახლავე შეუძლიათ საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავიანთი ექსპერტები იქნება ეს სამხარაული, თუ სხვა რომელიმე კერძო ექსპერტი...
და კიდევ ერთი, თუ ჩვენი ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ დანიშნავს რომელიმე დაწესებულება ამ სასამართლო ექსპერტიზას, აქ შეიძლება გამოყენებული იქნეს ხრიკი, რომელსაც ხშირად მიმართავს სახელმწიფო, რომ ჩაუტარდა პირველი ექსპერტიზიდან მეორე ექსპერტიზამდე გარკვეული მკურნალობა და გაუმჯობესდა. ეს ჩვენ გვაქვს ნანახი წლების განმავლობაში.", – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
გუშინ, 29 აგვისტოს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ არ გამორიცხა მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება. მან კიდევ ერთი ექსპერტიზის მიზანი განმარტა:
"ჩვენ არავის საპასუხოდ არ ვაპირებთ [ექსპერტიზის ჩატარებას]. ეს არის დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რასაც ატარებს ცენტრი ემპათია. მე ვთქვი, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენც ჩავატარეთ ექსპერტიზა და რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ, როგორც ამ ადამიანის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით. იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანიც კი, საავადმყოფოს პარალელურად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ. ვინ ჩაატარებს, ამის შესახებ თუ იქნება მიღებული ჩვენი მხრიდან, შემდეგ გაიგებთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
გუშინვე კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი ამერიკელმა და გაეროში აკრედიტებული სასამართლო-სამედიცინო შვეიცარიელმა ექსპერტებმა მოინახულეს. ისინი სწავლობენ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ისტორიას. უცხოელი ექსპერტები საბოლოო დასკვნას რამდენიმე დღეში მოამზადებენ.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.