გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის შესახებ ილაპარაკა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში. მისი განცხადებით, სესიაზე თემა უკრაინა იქნება და საქართველომ მას სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს.
„ერთ კვირაში იმართება გაეროში გენერალური ასამბლეის სესია. როგორც ჩანს, პრემიერი იქაც აპირებს, რომ წარადგინოს საქართველო, ასეც იყოს, თუ ასე მიაჩნია, მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა. იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენ მიმართ. ვიცით ჩვენ სოლიდარობის გამოჩენა თუ არა. სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, ომში ჩართვას. სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ ძალიან კარგად იცის, როდესაც მეგობარი არის ომში ან ბრძოლაში. სოლიდარობა არის ის, რომ ზურგში არ უნდა გააკრიტიკო; უნდა იდგე მორალურად მის გვერდით. სხვა არაფერს არავინ არ გვთხოვს. არც დამატებით სანქციებს და არც ჩვენს ჩართვას რამეში. ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს, ჩვენს ღირსებას და ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას წლების მანძილზე იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია. ეს არის ის, რაც უნდა გამოვაჩინოთ ნიუ-იორკში, გაეროში, იმიტომ, რომ იქ სხვა თემა არ იქნება - ოკუპაცია, ომი და ყველა ქვეყანა გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, - აღნიშნა პრეზიდენტმა და დაამატა, - არჩევანი ძალიან ნათელია, ჩვენ გვინდა ვიყოთ დღეს, როგორც ქვეყანა, რომელიც ნაწილი არის ევროპული ოჯახის, ევროპული ღირებულებების, არის მონაწილე ერთეული იმ ცივილიზებული, დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროსი თუ სადღაც კიდევ ვმერყეობთ. ეს არის ის, რაც უნდა გამოჩნდეს უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირაში, უახლოეს თვეში. ამაზე პასუხისმგებლობა არის ყველასი, ოპოზიციაც უნდა გამოვიდეს თავისი ბოიკოტის თუ „გვერდზე ვიხედები“... ყველა იქნება პასუხისმგებელი, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა, ცხადია, ხელისუფლების არის“.
ზურაბიშვილის აზრით, ამ შანსის ჩაგდებას არავინ, არავის არ აპატიებს.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის თქმით, პრემიერი უნდა გაემიჯნოს „იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს"2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.