პუტინი ჩავიდა პრიმორსკის მხარეში, სადაც სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

სამხედრო სწავლების "ვოსტოკ 2022"-ის გახსნის ცერემონია რუსეთის პრიმორსკის მხარეში. 2022 წლის 31 აგვისტო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა შორეულ აღმოსავლეთში მდებარე პრიმოსრკის მხარეში, სადაც სამხედრო სწავლება „ვოსტოკ-2022“ მიმდინარეობს. კრემლის პრესმდივნის, პესკოვის ინფორმაციით, პუტინი იმყოფება სერგეევკის პოლიგონზე, დახურულ თათბირს მართავს თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს, გერასიმოვთან და თუ ამინდი გაუმჯობესდება, სამხედრო წვრთნების მიმდინარეობასაც დააკვირდება.

სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება 31 აგვისტოს გაიხსნა, აქტიური ფაზა 1 სექტემბერს დაიწყო და 7 სექტემბერს დასრულდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში რუსი სამხედროების გარდა მონაწილეობს ალჟირის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, ინდოეთის, ყირგიზეთის და მონღოლეთის შეიარაღებული ძალების 2 ათასზე მეტი სამხედრო.

„ვოსტოკ-2022“ მიმდინარეობს უკრაინაში ომის პარალელურად. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის შეჭრიდან 195-ე დღე დაიწყო.