დაპატიმრების საფრთხის გამო, რუსეთი დატოვა ჟურნალისტმა ევგენია ალბაცმა

ჟურნალისტი ევგენია ალბაცი

დაპატიმრების საფრთხის გამო რუსეთი დატოვა ჟურნალისტმა ევგენია ალბაცმა, რომელიც უწინ ხელმძღვანელობდა გამოცემას The New Times.

"მივიღე ოთხი ადამინისტრაციული ჯარიმა, გამომაცხადეს უცხოეთის აგენტად - და ცხადი გახდა, რომ დაპატიმრებამდე დაახლოებით სამი-ოთხი კვირაღა მრჩებოდა" - ამბობს ალბაცი თავისი იუთუბის არხით. ის დასძენს, რომ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღებამდე კონსულტაცია გაიარა პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან, ალექსეი ნავალნისთან. ჟურნალისტის თქმით, ნავალნიმ მას უთხრა - "ნუ სულელობთ, თქვენ უნდა წახვიდეთ, არავის სჭირდება თქვენი ციხეში ჩაჯდომა".

ალბაცი ამბობს, რომ გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში იმუშავებს ლექტორად.

ევგენია ალბაცი 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა ოპოზიციურ გამოცემას The New Times, 2013 წელს კი ის გამოცემის მფლობელი გახდა.

ფინანსური პრობლემების გამო, 2017 წელს ალბაცმა გამოაცხადა, რომ გამოცემის ბეჭდური ვერსია აღარ იარსებებდა და მას შემდეგ ჟურნალი ინტერნეტში არსებობდა.

2018 წელს გამოცემა სასამართლომ 22 მილიონი რუბლით ($ 360 200) და 250 ათასი რუბლით ($ 4000) დააჯარიმა, ბრალდებით, რომ მან როსკომნადზორს არ წარუდგინა მონაცემები უცხოეთიდან დაფინანსებაზე.

მიმდინარე წლის თებერვალში როსკომნადზორმა გამოცემის საიტი დაბლოკა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მასალების გამო, მაისში კი ევგენია ალბაცზე ოთხი პროტოკოლი შეადგინა ამ მასალებში "ყალბი" ცნობების გავრცელებაზე.

ივლისის ბოლოს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ალბაცი "უცხოეთის აგენტების" რეესტრში შეიყვანა.