აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი კიევში 8 სექტემბერს, უკრაინისთვის, რომელიც სამხრეთსა და აღმოსავლეთში კონტრიერიშზეა გადასული, მნიშვნელოვანი სიგნალი გახდა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ ახლა ჩვენთან არის. ეს არის იმის გარანტია, რომ ჩვენ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორია და ჩვენი მიწა,“ თქვა ზელენსკიმ თავის ვიდეო კომენტარში, რომელიც პრეზიდენტს ოფისმა გაავრცელა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 8 სექტემბერს მოულოდნელად ესტუმრა კიევს. მან გამოაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ სურს გამოყოს ორ მილიარდ დოლარზე მეტი ევროპის ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების სახით. ბლინკენმა კიევში განმარტა, რომ აშშ სამხედრო დახმარების სახით უკრაინას და მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც, გამოუყოფს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით.
ეს იქნება გრძელვადიანი სამხედრო დახმარება კიევისა და მისი მეზობლებისთვის, 18 ქვეყნის, მათ შორის ნატოს წევრებისთვის. თებერვლის შემდეგ, ანუ მას მერე რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ბლინკენი კიევში უკვე მეორედ ჩავიდა.
ასევე ნახეთ
ბლინკენი კიევში: აშშ-ს სურს უკრაინასა და სხვა ქვეყნებს, საქართველოსაც, 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყოსასევე 8 სექტემბერს, გერმანიაში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე აღნიშნა უკრაინის არმიის „მორიგი წარმატება“ ბრძოლის ველზე. მანვე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის კიდევ 675 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას. მისი ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 105-მილიმეტრიან ჰაუბიცებს, საარტილერიო ჭურვებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), ტანკსაწინააღმდეგო და ცეცხლსასროლ იარაღს და ა.შ.