"სხემი": რუსეთის ტანკერებს ევროკავშირში ნავთობი შეაქვთ აკრძალვის მიუხედავად

რუმინეთის ქალაქ კონსტანცას ნავსადგური

ევროპის ნავსადგურებში რუსული გემების მომსახურებაზე აპრილში დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, რუსეთის ტანკერები კვლავ აგრძელებენ ნავთობის მიწოდებას ევროპის კავშირში.

ამის შესახებ გამოძიების გამოაქვეყნა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტმა "სხემიმ". გამოცემა „საზღვაო მიმოსვლის სამსახურის“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, 4-5 ათასი ტონის ტევადობის 13 რუსული გემი ერთი მარშრუტით დადიოდა. მათ ჩატვირთავდნენ შავი ან აზოვის ზღვის ნავსადგურებში, შემდეგ ისინი რუმინეთის ქალაქ კონსტანცასკენ მიემართებოდნენ და ნავსადგურიდან 17-20 მილში ჩერდებოდნენ. იქ დგომის შემდეგ ისინი ცარიელები ბრუნდებოდნენ რუსეთში.

"სხემი" ამ გემებიდან ევროპელი მყიდველისთვის ნავთობის გადაცემის ორ სცენარს აღწერს. ერთ-ერთის თანახმად, ზღვაში ხდება ნავთობპროდუქტების გადაზიდვა გემზე, რომელსაც ევროპის დროშა აქვს და ასეთნაირად მიეწოდება ევროპის კავშირს, ხშირ შემთხვევაში, საბერძნეთს. ასე მაგალითად, 12 ივნისს რუსულმა ტანკერმა VF Tanker 11-მა რუმინეთის სანაპიროსთან ტვირთი გადასცა გემს Star Merlin, რომელსაც პორტუგალიური დროშა აქვს. ტანკერი მალევე გადმოიტვირთა საბერძნეთის პორტში. ამას გარდა, როგორც გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, ზღვაში, კონსტანცასთან, უკვე ხუთი თვეა დგას ტანკერი New Legend ლიბერიის დროშით. მისი ტევადობა 80 ათასი ტონაა. ივნისიდან მოყოლებული, რუსული ტანკერები მას რეგულარულად ავსებენ ნავთობით, რომელსაც შემდეგ სხვა გემებზე გადაზიდავენ. "სხემი" მიიჩნევს, რომ ყველა ტანკერი, რომელიც ამ გზით ახორციელებს ნავთობის მიწოდებას ევროპაში, ეკუთვნის რუსი მილიარდერის, ვლადიმირ ლისინის კომპანია Volga Shipping-ს. ბევრი რუსი ოლიგარქისგან განსხვავებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მას არ შეეხო ევროპის კავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციები. მის წინააღმდეგ შეზღუდვა მხოლოდ ავსტრალიამ შემოიღო.

ივლისში The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ნავთობის ტანკერების ევროპელმა, კერძოდ ბერძენმა მფლობელებმა, მნიშვნელოვნად გაზარდეს რუსული ნავთობის ტრანსპორტირება რუსეთიდან საზღვაო გზით ნავთობის მიწოდებაზე ევროპის კავშირის მიერ დაწესებული ემბარგოს მოახლოების ფონზე. მხოლოდ მაის-ივნისში ბერძნული გემები შავი და ბალტიის ზღვების რუსულ პორტებში 151-ჯერ შევიდნენ, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. გამოცემის ცნობით, ისინი სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის ევროპაში მისაწოდებლად, გემიდან გემზე გადაზიდვასაც იყენებენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროპის კავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღეს რუსეთის წინააღმდეგ. მეექვსე პაკეტი გულისხმობს აკრძალვის დაწესებას რუსეთიდან საზღვაო გზით ნავთობის შემოტანაზე 2022 წლის 5 დეკემბრიდან. სანქციების მეხუთე პაკეტის თანახმად, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში იქნა მიღებული, რუსეთის გემებს ეკრძალებათ ევროპის კავშირის ნავსადგურებში შესვლა. გამონაკლისს წარმოადგენს პირველადი საჭიროების ტვირთვის მიწოდება, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სურსათი, ჰუმანიტარული დახმარება. ევროპაში რუსეთის სანავთობო ექსპორტის 75 პროცენტი საზღვაო გზით მიწოდებაზე მოდის.