უკრაინის კონტრშეტევამ ტერიტორიები დაიბრუნა რუსეთის საზღვართან ახლოს

უკრაინის ტანკები წინ მიიწევენ კონტრშეტევისას ხარკოვის რეგიონში. 12 სექტემბერს გავრცელებული ფოტო

უკრაინის ძალები განაგრძობენ ტერიტორიების დაბრუნებას ჩრდილო-აღმოსავლეთის ხარკოვის რეგიონში. რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი აღიარებს, რომ რუსეთის ძალები რიცხვით ბევრად ნაკლები არიან, უკრაინის არმია კი ტერიტორიებს რუსეთის საზღვრის სიახლოვეს იბრუნებს.

რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Rossiya 24-თან საუბარში ვიტალი განჩევმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა დაიბრუნეს აქამდე რუსეთის მიერ დაკავებული არეალები რეგიონის ჩრდილოეთში და "5000-მდე სამოქალაქო პირი რუსეთშია ევაკუირებული".

განჩევის თქმით, უკრაინის ძალების რუსეთის სამხედროებთან შეფარდება იყო რვა ერთთან, იმ კონტრშეტევის დროს, რომელიც რეგიონში გასულ კვირაში დაიწყო. განჩევი აღნიშნავს, რომ "ვითარება ყოველ საათში უფრო რთულდება" და დასძენს, რომ საზღვარი რუსეთის ქალაქ ბელგოროდთან ამჟამად ჩაკეტილია.

ასევე ნახეთ

ISW: უკრაინის მიერ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნება რუსეთისთვის დიდი ოპერატიული მარცხია

განჩევის განცხადებების დამოუკიდებლად დადასტურება არ ხერხდება, თუმცა უკრაინის არმია აცხადებს წინსვლის შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში ტერიტორიების რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლების პროცესში.

შაბათ-კვირას უკრაინის ძალებმა დაიკავეს რუსეთის არმიის მნიშვნელოვანი ცენტრები - იზიუმი და კუპიანსკი - სადაც ხარკოვის რეგიონის რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია იყო განთავსებული.