სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ „მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის" მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ღონისძიება 13-14 სექტემბერს ყაზახეთში იმართება.
ილია მეორემ სიტყვა ყაზახეთის პრეზიდენტის, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარის და ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტის მიმართ მისალმებით დაიწყო. პატრიარქი სეკულარიზმის მომხრეებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამ ახალი სიმწვავე შეიძინა.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გულითადად მივესალმები ყველა მონაწილეს ამ ყრილობისა, რომელიც განიხილავს მეტად მნიშვნელოვან საკითხს, - პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო და ტრადიციულ რელიგიათა ლიდერების როლს კაცობრიობის სულიერ და სოციალურ განვითარებაში.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ სეკულარიზაციისა და აპოსტასიის ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა და ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა.
სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისაგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა და წამოაყენეს პრინციპი ყოველივეს დაშვებულობისა: რაც მსურს, - ბუნებრივია, შესაძლებელი და მისაღები.
ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის მომავალ თაობას, უყალიბებს რა მათ ცრუ ორიენტირებს, ფსევდო ღირებულებებსა და ლოიალურ დამოკიდებულებას უმძიმესი ცოდვებისადმი, რასაც შედეგად მოჰყვება აღქმის დაკარგვა ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის შესახებ", - თქვა ილია მეორემ.
პატრიარქმა უკრაინაში მიმდინარე ომიც ახსენა.
„ყოველივე ამას დაემატა პანდემია, რომელმაც მასობრივი შიში დანერგა და ერთმანეთს დააშორა როგორც ქვეყნები, ისე ცალკეული პიროვნებები.
მსოფლიო საზოგადოებაში შიშს თესავს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებები, რაც სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის.
საერთოდაც, განცდაა იმისა, რომ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ", - დაამატა მან.