ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან სასაზღვრო შეტაკებაში 105 სომეხი სამხედრო დაიღუპა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

დაზუსტებული მონაცემებით, 14 სექტემბრის მდგომარეობით, 105-ს მიაღწია სომხეთის მხრიდან დაღუპულ იმ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვმა, რომლებიც აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან საზღვრისპირა ბრძოლებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ 14 სექტემბერს სომხეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"კიევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი დაღუპულების წინაშე", - თქვა ფაშინიანმა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ფაშინიანმა ასევე აღიარა, რომ სამხედრო აგრესიის შედეგად აზერბაიჯანმა შეძლო კონტროლის დამყარება სომხეთის გარკვეულ ტერიტორიაზე.

"როდესაც ვამბობთ, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ აგრესია ჩაიდინა, ვგულისხმობთ იმას, რომ მან გარკვეულ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა. ამ მიზეზით ჩვენ მივმართეთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ)", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ასამბლეაში "მთავრობის საათზე" ერთ-ერთი დეპუტატის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 13 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სომხეთთან შეტაკებებში დაკარგა 50 სამხედრო.

აშშ და გაერო ორივე მხარეს მოუწოდებენ ბრძოლის შეჩერებისკენ, თუმცა 14 სექტემბერს, დილით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი დაადანაშაულა სროლის განახლებაში.

ორ მეზობელ ქვეყანას შორის ამჟამინდელი ესკალაცია ყველაზე სისხლიან ბრძოლას წარმოადგენს მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის შემოდგომაზე ატეხილი 44 დღიანი ომის შემდეგ.