ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ კიევი წინ მიიწევს ევროპის კავშირის წევრობისკენ

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში 15 სექტემბერს. 2022 წელი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც კიევში 15 სექტემბერს ჩავიდა და შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, განაცხადა, რომ უკრაინა ევროპის კავშირში შესასვლელად „სწორი გზით მიდის“.

ევროპის კავშირის ლიდერი, რომელიც მესამე ვიზიტად იმყოფება კიევში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სწორ გზას ადგას: "შთამბეჭდავია სისწრაფე, მყარი გადაწყვეტილება, სიზუსტე, რომლითაც თქვენ წინ მიიწევთ", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ზელენსკისთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან დასძინა, რომ ევროპის კავშირმა რაც შეიძლება მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უზრუნველყოს უკრაინისთვის "მეტი ბიზნესი, მეტი შემოსავალი". ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სურს, შეუერთდეს ევროპის საერთო ბაზარს, სანამ მიღებული იქნება გადაწყვეტილება კიევისთვის ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრობის მინიჭების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ "დარწმუნებულია, რომ ეს მოხდება და ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება".