ანდრეი მაკარევიჩისა და მაქსიმ გალკინის კონცერტები თბილისში მაინც ჩატარდება

რუსული ჯგუფის, "მაშინა ვრემენის" და შოუმენ მაქსიმ გალკინის გაუქმებულად გამოცხადებული კონცერტები თბილისში მაინც გაიმართება. ამის შესახებ დღეს ბილეთების გაყიდვის სერვისმა Biletebi.ge-მ ფეისბუქზე დაწერა.

"მაშინა ვრემენის" კონცერტი ჩატარდება 7 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ველოდებით საბოლოო დასტურს). ყველა გაყიდული ბილეთი იქნება ძალაში. მაქსიმ გალკინის კონცერტის ახალი თარიღი დაიდება უახლოეს მომავალში", - წერია მათ განცხადებაში.

კონცერტები თბილისის სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო.

ცნობა, რომ სპორტის სასახლემ "აკრძალა არტისტები" და კონცერტები იქ აღარ ჩატარდებოდა, ონლაინ ბილეთების პლატფორმამ 2 სექტემბერს გაავრცელა.

ასევე ნახეთ გალკინის და მაკარევიჩის კონცერტი პოლიტიკური კონტექსტის გამო გაუქმდა - biletebi.ge

მათივე განცხადებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ არტისტები მხარს უჭერენ უკრაინას.

თბილისის სპორტის სასახლის ხელმძღვანელმა მიშა ეძგვერაძემ კონცერტების გაუქმების მიზეზად შენობაში შექმნილი პრობლემები და დაგეგმილი რემონტი დაასახელა.

Biletebi.ge-ს განცხადებას, რომ კონცერტები პოლიტიკური კონტექსტისა და უკრაინის მხარდაჭერის გამო გაუქმდა, მიშა ეძგვერაძე უპასუხებს, რომ ეს მიზეზი "აბსურდია".

რადიო თავისუფლებასთან საუბარში Biletebi.ge-ს თანადამფუძნებელმა გიორგი ჩხიკვიშვილმა თქვა, რომ თვე-ნახევარში ათასობით ბილეთი გაიყიდა.