უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს რუსეთი, როგორც "ტერორისტული სახელმწიფო" ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხისა და წამების დამადასტურებელი მტკიცებულებების აღმოჩენის გამო მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ წარმატებული კონტრშეტევის შედეგად სექტემბრის დასაწყისში დაიბრუნა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ეს ქალაქი.
16 სექტემბრის საღამოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ამ დანაშაულისთვის უფრო მკაცრი სანქციებით უნდა დაისაჯოს.
"უკვე არსებობს ადამიანების წამებისა და მათ მიმართ დამამცირებელი მოპყრობის აშკარა მტკიცებულებები. მეტიც, არსებობს მტკიცებულება, რომ მახლობლად განლაგებული რუსი სამხედროები სამარხში აღმოჩენილ ადამიანებს გართობის მიზნით ესროდნენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოსუკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქ იზიუმში მდებარე სამხედრო პოლიგონზე სულ მცირე 440 ადამიანის ცხედარი იქნა აღმოჩენილი.
გაეროს ადამიანის უფლებათა სამმართველო აცხადებს, რომ გეგმავს გამომძიებლების გაგზავნას იზიუმში. ხოლო თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინატორმა ჯონ კირბიმ იზიუმიდან მიღებულ ცნობებს "საზარელი" უწოდა და დასძინა, რომ ასეთი ქმედება შეესატყვისება "იმ სისასტიკეს და გადაგვარებას, რომლითაც რუსეთის არმია ამ ომს აწარმოებს".
უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ იზიუმსა და სხვა რაიონებზე კონტრშეტევა სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო და მალევე გაათავისუფლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იზიუმიდან რუსული ქვედანაყოფების გასვლა 10 სექტემბერს დაადასტურა.
გაზაფხულზე, რუსეთის სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ, მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაშიც.